2024-25 წლების ევროპული საფეხბურთო სეზონის ფინანსურმა ანგარიშებმა აჩვენა, რომ სისტემა სერიოზულად არის დარღვეული — ბევრ კლუბს კოლოსალური ზარალი აქვს. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა პრემიერ ლიგა, რომელიც მაინც რჩება მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ლიგად.
ინგლისის პრემიერ ლიგის 20-მა კლუბმა ჯამურად $1.05 მილიარდი იზარალა პროცენტებისა და გადასახადების გამოკლებამდე. ყველაზე დიდი ზარალი ჰქონდა "ჩელსის“, რომელმაც რეკორდული — $346 მილიონის დეფიციტი დააფიქსირა. საბოლოოდ, სეზონი მხოლოდ ოთხმა გუნდმა დაასრულა მოგებით.
მიუხედავად ამისა, როდესაც Sportico-მ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინვესტორები და ბანკირები გამოკითხა და მსოფლიოს 50 ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბის რეიტინგი შეადგინა, თუმცა ყველაზე მიმზიდველ ბაზრად მაინც ინგლისი დასახელდა. სატელევიზიო უფლებები სპორტის მთავარი შემოსავლის წყაროა, და ამ მხრივ პრემიერ ლიგას კონკურენტი არ ჰყავს, მისი საერთაშორისო სატელევიზიო კონტრაქტები უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის "დიდი ხუთეულის“ დანარჩენი ოთხი ლიგის ჯამური ღირებულება. ასევე ძალიან მაღალია შიდა ბაზრის უფლებებიც, რომლებიც წელიწადში დაახლოებით $2.3 მილიარდს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგა ყველაზე მდიდარი ლიგაა, მასშტაბით მაინც ესპანური კლუბები ლიდერობენ. "რეალ მადრიდი“ და „ბარსელონა“ ერთადერთი კლუბებია, რომლებმაც 2024-25 წლების სეზონში მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს - შესაბამისად $1.3 მილიარდი და $1.1 მილიარდი. მათ გარდა, მსოფლიოს სპორტში მხოლოდ "დალას ქოუბოიზმა“ ($1.25 მილიარდი) და "ლოს-ანჯელეს დოჯერსმა“ ($1.1 მილიარდი) მიაღწიეს მსგავს შედეგს.
ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების სიაში პირველ ორ ადგილზე სწორედ "რეალ მადრიდი“ ($7.7 მილიარდი) და "ბარსელონა“ ($6.65 მილიარდი) არიან. „ბარსელონამ“ წელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ ($6.47 მილიარდი) გადაასწრო. ტოპ-ხუთეულში ასევე შედიან მიუნხენის „ბაიერნი“ ($5.78 მილიარდი) და „ლივერპული“ ($5.74 მილიარდი).
მსოფლიოს 50 ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბის საერთო ღირებულება $95.5 მილიარდს აღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია.
"რეალ მადრიდის“ ზრდაში დიდი როლი ითამაშა "სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონის $1.2 მილიარდიანმა რეკონსტრუქციამ, რომელიც 2024 წელს დასრულდა. მისი შემოსავალი "ბარსელონაზე“ $220 მილიონით მეტია, ხოლო სატელევიზიო შემოსავალმა 2024-25 სეზონში $398 მილიონს მიაღწია.
ევროპა მთლიანად დომინირებს ტოპ-15-ში, თუმცა სიის ქვედა 70%-ში ლიდერია ამერიკული MLS, რომელსაც 18 კლუბი ჰყავს ტოპ-50-ში. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებულია "ინტერ მაიამი“, რომელიც 16-ე ადგილზეა $1.45 მილიარდის შეფასებით. საერთო ჯამში, ტოპ-50-ში ცხრა სხვადასხვა ლიგის გუნდები მოხვდნენ, მათ შორის იტალიის სერია A-დან ხუთი, ხოლო ლა ლიგიდან და ბუნდესლიგიდან სამ-სამი.




























