2025-2026 წლებში „გასტრონომ ჯგუფი“ დამატებით 5 ფილიალს გახსნის, მათგან ერთი კი ჰიპერმარკეტი იქნება. საკითხზე „გასტრონომ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი თენაძე BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.
„2025-2026 წლებში ვგეგმავთ, რომ „გასტრონომ ჯგუფს“ დაემატოს დამატებით 5 ფილიალი, აქედან 4 იქნება საშუალო ფორმატის, 200-300 კვადრატზე განთავსებული, ხოლო ერთი იქნება ჰიპერმარკეტი, 1500 კვადრატი მოცულობის, ამას ვაკეთებთ კომპანია „ბიოგრაფთან“ ერთად ვაშა-ფშაველას გამზირზე. პროექტის დასრულების შემდეგ უკვე გვექნება 1500 მოცულობის ჰიპერმარკეტი, სადაც მომხმარებელს შეეძლება შეიძნოს ბოსტნეული, ფრეშ ხორცი და ა.შ. იქნება ასევე გურმე დელიკატესები თავისთავად, უბრალოდ პლიუს ასორტიმენტი იზრდება“, - განაცხადა თენაძემ.
მან „გასტრონომ ჯგუფის“ გაფართოების საკითხში „საქართველოს ბანკის“ როლზე ისაუბრა.
„ჩვენ მხოლოდ ერთი ფილიალი გვქონდა, როცა მივედით „საქართველოს ბანკში“ წლების წინ და ის ხუთი რესტორანი, ფილიალები, საწარმო, ცენტრალური საწყობი და ა.შ. ყველაფერი ბანკის მხარდაჭერით გავაკეთეთ. შეუფასებელია მათი წილი ჩვენს ზრდა-განვითარებაში“, - თქვა თენაძემ.