2025 წელს საქართველომ 168.2 მილიონი ლარის ღირებულების 43.3 ათასი ტონა მზესუმზირას ზეთი (61.5 მილიონი აშშ დოლარი) იყიდა.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წლიურ ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდში მზესუმზირას ზეთის საშუალო ღირებულებამ 1 ლიტრზე 3.57 ლარი შეადგინა. გასულ წელს ყოველთვიური საშუალო ფასი 3.3 ლარიდან 3.9 ლარამდე მერყეობდა.
სააგენტომ FMCG (სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონელი) ბაზრის მიმდინარე მონიტორინგთან ერთად, შეისწავლა სამომხმარებლო კალათის შემადგენლობაში შემავალი საქონლის იმპორტის ბაზრების მაჩვენებლები. შეფასებისათვის შეირჩა კარაქის, მზესუმზირის ზეთის, შაქრის, მაკარონის, ბრინჯის, ქათმის ხორცისა და შოკოლადის იმპორტი. ანგარიშის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში აღნიშნული საქონლის მოხმარება მეტწილად იმპორტზეა დამოკიდებული, იმპორტის ბაზრებზე არსებული ტენდენციები წარმოადგენს FMCG ღირებულების ჯაჭვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს და დიდ გავლენას ახდენს, როგორც ბაზრის სტრუქტურაზე, ასევე ფასების ფორმირებაზე.
იკვეთება, რომ აგვისტო-დეკემბერში საიმპორტო ფასის ზრდის ტენდენცია იყო და ამ პერიოდში პროდუქტის საშუალო ღირებულება 52 თეთრით (15%-ით) გაიზარდა.
საქართველო ყველაზე მეტ ზეთს რუსეთში ყიდულობს. 2025 წლის მონაცემებით, მთლიანი იმპორტის 81% რუსეთის ფედერაციიდან იყო, შემდეგ მოდის უკრაინა, რომლის წილიც ბაზარზე 11%-ს შეადგენს. უკრაინიდან იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება 1 ლიტრზე საშუალოდ 13%-ით აღემატება რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის ღირებულებას. უკრაინის შემთხვევაში, 2025 წლის განმავლობაში ყოველთვიური საშუალო ფასი 3.8-4.1 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო რუსეთის შემთხვევაში 3.2-3.8 ლარის ფარგლებში.
2025 წელს იმპორტიორი კომპანიების მიხედვით მზესუმზირის ზეთის იმპორტის შეფასებისას, იკვეთება, რომ ბაზარი დივერსიფიცირებულია. წამყვანი 10 კომპანიის წილი მთლიან იმპორტში 85%, წამყვანი 5 კომპანიის წილი 62%, ხოლო წამყვანი 3 კომპანიის წილი 40%-ია. ამ პერიოდში ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (HHI) 923 ერთეული შეადგინა, რაც დაბალ კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.



























