„2025 წელი „ავერსისთვის“ კიდევ ერთი გეგმაზომიერი ზრდის წელი იყო“, - ასე შეაფასა "ავერსი-ფარმას" მმართველი საბჭოს წევრმა გასული წლის კომპანიის შედეგები გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.
ლევან კურტანიძემ აღნიშნა, რომ გასულ წელს „ავერსის“ აფთიაქები არამედიკამენტების მიმართულებით განვითარდა, რაც საერთაშორისო ტენდენციას წარმოადგენს. „ავერსი ფარმას“ მმართველი საბჭოს წევრი ამ მიმართულების გააქტიურების მიზეზებსაც განმარტავს.
„ეს იყო კიდევ ერთი გეგმაზომიერი ზრდის წელი. ჩვენ წარმატებას ერთ-ერთი საზომით ვზომავთ, რომ უნდა გვყავდეს იმაზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი და იმაზე მეტი გამოჯანმრთელებული, მადლიერი პაციენტი, ვიდრე წინა წელს გვყავდა. ასე ვიზრდებით ყოველწლიურად. 2025 წელიც ამის მაგალითი იყო და მომავალშიც იგივე გეგმები გვაქვს. კონკრეტული პროექტებიც განვახორციელეთ, როგორც აფთიაქების მიმართულებით, ისე კლინიკების მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გავიზარდოთ.
აფთიაქების კუთხით, ძირითადად არამედიკამენტების მიმართულებით ვიზრდებით, ანუ ვამატებთ თავის მოვლის საშუალებებს, დერმატოლოგიურ ბრენდებს, ბავშვთა მოვლას, კვებას, აქსესუარებს და ა.შ. ეს ტენდენციაა მსოფლიოში და საქართველოს ბაზარიც ამ მიმართულებით ვითარდება. ამას თავისი მიზეზები აქვს - მომხმარებელს აფთიაქის მიმართ უფრო მეტი ნდობა აქვს, რადგან ბუნებრივად აფთიაქის მუშაობის სტანდარტი უფრო მაღალია. ანუ შენახვის პირობების დაცვით დაწყებული, თვითონ პროდუქტის ხარისხი, მომსახურების სტანდარტი უფრო მაღალია, ამიტომ გვენდობიან და პირდაპირ მომხმარებლისგან მოდის მოთხოვნა, რომ უფრო და უფრო მეტი პროდუქტი დავამატოთ“, - განმარტა ლევან კურტანიძემ.
მისივე ინფორმაციით, 2025 წელი „ავერსის“ აფთიაქებში თვითმომსახურების აპარატებით სრულად აღჭურვის წელი იყო, 2026 წელს კი კომპანია ქსელისთვის 12 ახალი რობოტის დამატებას გეგმავს.
„2025 წელს თვითმომსახურების აპარატები თითქმის უკვე ყველა აფთიაქში დავდგით, რაც მომხმარებლისთვის ძალიან დიდი კომფორტია. 2026 წლიდან და მომდევნო წლებში უკვე სააფთიაქო რობოტებზე გვექნება აქცენტი. ჩვენ ერთი რობოტი უკვე ავამუშავეთ, ტესტირებას გარკვეული დრო დასჭირდა. უახლოეს პერიოდში კი უკვე 12 ახალი რობოტის შეძენა გვაქვს დაგეგმილი, რომლებიც როგორც თბილისში, ისე სხვა დიდ ქალაქებში დაინსტალირდება. ეს ფარმაცევტისთვის ძალიან დიდი დახმარებაა და მისი მუშაობა ძალიან ეფექტიანია“, - განაცხადა ლევან კურტანიძემ "საქმიან დილაში" სტუმრობისას.




























