მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელი, შესაძლოა, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის  მაჩვენებლით დასრულდეს - დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

"ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პროგნოზით, 2025 წელი შესაძლოა, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დასრულდეს.

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის მონაცემები აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს წელი "საკმაოდ დინამიკურად წარიმართება".

„ჩვენ ეკონომიკური ზრდა 6%-ზე გვაქვს დაგეგმილი, თუმცა, მიმდინარე წლის ორ თვეში საკმაოდ მაღალი ზრდა გვქონდა და აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინია, რომ შესაძლოა, ეს წელი დაგეგმილზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდით დავამთავროთ. რა თქმა უნდა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალისხმევას არ ზოგავს, რომ მაქსიმალურად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს და ამავე დროს, ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურიც იყოს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

საქსტატის მონაცემებით, იანვარში ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელი 11.1%, ხოლო თებერვალში 7.7% დაფიქსირდა.

დავითაშვილმა აღნიშნული მონაცემებიც შეაფასა.

„წელს პირველ თვეში გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, თებერვალშიც საკმაოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა, მიუხედავად საბაზისო მაჩვენებლისა. ასე რომ, ჩვენი მოლოდინით მიმდინარე წელი საკმაოდ დინამიური უნდა იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრი პროექტი გვაქვს, რომლებიც წელს უნდა განხორციელდეს, 2025 წელს უნდა მოხდეს ძალიან ბევრი საინვესტიციო გადაწყვეტილების რეალიზებაც. ასევე წელს გვაქვს ძალიან ბევრი ინიციატივა, მათ შორის ეკონომიკური ინიციატივები, რომლებიც მიმდინარეობს და თავის შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები