ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით, მიმდინარე წელი ძალიან წარმატებული იყო.
როგორც სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა თამთა ყველაიძემ აღნიშნა, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია აზიის მიმართულება, მათ შორის, ჩინეთი, სადაც საკმაოდ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი.
"კოვიდ პანდემიის შემდეგ, ამ ქვეყანაში საკმაოდ კლება იყო და წელს პირველად, უკვე დაფიქსირდა ქართული ღვინის მოხმარების ზრდა“ - აღნიშნა თამთა ყველაიძემ.
რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს, თამთა ყველაიძის განცხადებით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე კიდევ უფრო მასშტაბური და აქტიური გახდება ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობები.
„ვაგრძელებთ პოლონეთში აქტიურ მუშაობას, სადაც ჩვენი მთავარი მიზანია პრემიუმ სეგმენტზე შესვლა და დამკვიდრება. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ გერმანიის ბაზარზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური საექსპორტო ბაზარია. გერმანელი მომხმარებელი საკმაოდ გახსნილია და აქვს მიმღებლობა ახალი პროდუქტისადმი. გერმანიაში ვაწარმოებთ მომხმარებელზე ორიენტირებულ გაყიდვების ზრდის კამპანიას, რაც გულისხმობს ღვინის ქსელურ მაღაზიებში „ქართული ღვინის თაროების“ გაჩენას, რაც მომავალ წელს უფრო გააქტიურდება და მასშტაბური იქნება. აქტიურად ვმუშაობთ დიდ ბრიტანეთში, ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან აშშ-ს ბაზარზე, სადაც წელს შევცვალეთ სტრატეგია და ვორიენტირდით მომხმარებელზე, რადგან აშშ-ში ღვინის პროფესიონალებს უკვე საკმაო ცოდნა დაუგროვდათ ქართულ ღვინოზე. აშშ-ში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა მომხმარებელზე ორიენტირებულ მრავალ ადგილობრივ ფესტივალზე, სადაც წარვდექით ქართული სტენდით. აშშ-ში გავაგრძელებთ ამ მიმართულებას. ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლებსა და პროფესიონალებს, უფრო ხშირად ესმოდეთ ქართული ღვინის შესახებ როგორც მედიაში, ისე ფესტივალებსა და გამოფენებზე“ - აღნიშნა თამთა ყველაიძემ.
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის განვლილ პერიოდში, ქართული ღვინო 36 გამოფენა-ფესტივალსა და 300-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.
„ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში საქართველოში გაიმართა 37 გამოფენა-ფესტივალი. უცხოელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიისთვის საქართველოში 18 ღვინის ტური გაიმართა. აღნიშნული აქტივობები ხორციელდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელს 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა.
ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქართული ღვინის ექსპორტი იანვარ-ოქტომბერში 7.9%-ით 218 მილიონ 255 ათასი დოლარამდე შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყნის საზღვრებს გარეთ 73 602 400 ლიტრი გაიყიდა, რაც 7 825 500 ლიტრით ჩამორჩება გასული წლის მაჩვენებელს. რუსეთში - ღვინის ძირითად საექსპორტო ქვეყანაში გაყიდვები ამ პერიოდში 13.6%-ით 139 მილიონ 196 ათას დოლარამდე შემცირდა და ამგვარად რუსეთის წილი ჯამურ ექსპორტში 63.7%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება რუსეთში გადაზიდული ღვინოს მოცულობებს, იანვარ-ოქტომბერში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 9 003 400 ლიტრით ნაკლები - 49 914 300 ლიტრი გავიდა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჭრილში, გადაზიდვები შემცირებულია ასევე ყაზახეთსა და აშშ-ში.
ქართული ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყანა კი ასეთია:
- რუსეთი - $139.2 მლნ, 49 914 300 ლიტრი;
- პოლონეთი - $14.2 მლნ, 5 710 630 ლიტრი;
- უკრაინა - $11 მლნ, 3 983 380 ლიტრი;
- ჩინეთი - $7.8 მლნ, 2 458 870 ლიტრი;
- ყაზახეთი - $7.6 მლნ, 2 356 630 ლიტრი;
- ბელარუსი - $6.6 მლნ, 2 349 240 ლიტრი;
- გერმანია - $4.9 მლნ, 1 048 590 ლიტრი;
- აშშ - $4.9 მლნ, 794 607 ლიტრი;
- ლატვია - $3.8 მლნ, 988 771 ლიტრი;
- ლიეტუვა - $2.2 მლნ, 628 525 ლიტრი;




























