"2025 წელს 45%-იანი ზრდა გვქონდა", - ამის შესახებ Bm.ge-სთან ინტერვიუში ფიტნეს აპლიკაცია Cherry’s Fitness-ის დამფუძნებელმა ნინო ჩერქეზიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად Cherry’s Fitness-ს, რომელიც დისტანციურ სავარჯიშო პროგრამებს აერთიანებს, 60 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. ამ დრომდე აპლიკაციის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 100 000 ლარია.
„მოთხოვნა ფიტნესზე მზარდია, თუმცა თავდაპირველად აპლიკაცია ძალიან ნელა ვითარდებოდა, ვინაიდან ადრე მხოლოდ “ანდროიდის” მხარდაჭერა გვქონდა, შემდეგ კი, როცა უკვე Apple-ის მხარდაჭერაც წამოგვეწია, და ამას თან დაერთო ჩემი პროგრამის “ჩერის მარათონის” ჩაშვებაც, შეიძლება ითქვას რეკორდულად გავიზარდეთ. მაშინ გაიგო ხალხმა მასობრივად ჩემს შესახებ. შესაბამისად, მას შემდეგ დავიწყე დისტანციური სავარჯიშო პროგრამების ინტენსიური შეთავაზება-გაყიდვა“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, Cherry’s Fitness-ი 2018 წელს შეიქმნა, რომელიც თავდაპირველად, მომხმარებელს მხოლოდ დარბაზში სავარჯიშო პროგრამას სთავაზობდა, პანდემიის შემდგომ პერიოდში, მას სახლის პირობებში სავარჯიშო პროგრამა დაემატა, შემდეგ სხვა ტიპის ვარჯიშები, მათ შორის ვარჯიშები მამაკაცებისთვის, კვების პროგრამებიც და ა.შ.
რაც შეეხება ფასებს, Cherry’s Fitness-ის სხვადასხვა სავარჯიშო პროგრამის, მათ შორის, კუნთის ზრდის, სარეაბილიტაციო, წონის კლების და ა.შ. ფასები დაახლოებით 45-დან 70 ლარამდე მერყეობს. გასულ წელს აპლიკაციაში ვარჯიშები მამაკაცებისთვისაც დაემატა. რაც შეეხება კვების მენიუებს, აპლიკაციით შესაძლებელია სხვადასხვა კვების პროგრამების შეძენაც, მათ შორის, სამარხვო, უგლუტენი, განტვირთვის, დიაბეტური და სხვა, რომელსაც მოჰყვება გაწერილი მენიუები, მათი ფასი 65 ლარია.
ნინო ჩერქეზიშვილის თქმით, ფასების ცვლილება მიმდინარე წელს არ იგეგმება.
“როგორც წესი, ორი წლის განმავლობაში ვიკავებ ხოლმე ფასებს. 20 ლარით დავიწყე “ჩერის მარათონი”, შემდეგ ორ წელიწადში 10 ლარით გავაძვირე და კიდევ ორ წელიწადში დამატებით 10 ლარით. ბოლოს ფასები 2024 წელს შევცვალეთ. ამიტომაც ამჟამინდელი ფასების ცვლილებას ჯერჯერობით არ ვაპირებთ”, - განაცხადა Cherry’s Fitness-ის დამფუძნებელმა.
მიმდინარე წლის გეგმებზე საუბრისას, ნინო ჩერქეზიშვილი სამ ძირითად მიმართულებას გამოყოფს, რაშიც ჯამურად 50 000 ლარის ინვესტიცია იგეგმება. კერძოდ, აპლიკაციას დაემატება კალორიების მთვლელი, ასევე, უკვე ჩაშენდა აპლიკაციაში მაღაზია, სადაც ჯერ მხოლოდ ორი პროდუქტის - თეძოს სარტყელის და 75-დღიანი გამოწვევის დღიურის ყიდვაა შესაძლებელი, თუმცა იგეგმება სხვა პროდუქტების დამატებაც. ამას გარდა, Cherry’s Fitness-ის ვარჯიშები უცხოელი მომხმარებლებისთვისაც ითარგმნება, რათა Cherry’s Fitness-ი ექსპორტზეც გავიდეს.




























