მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს ავტოექსპორტი რეკორდულ $2.8 მილიარდამდე გაიზარდა - რომელ ქვეყნებში გადის ავტომობილები

მანქანები ავტომობილი ავტოექსპორტი

2025 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების 111.6 ათასი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტია - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგაერეო ვაჭრობის დეტალური ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

ავტოექსპორტში პირველ ადგილს კვლავ ყირგიზეთი იკავებს, სადაც გასულ წელს 1.4 მილიარდი დოლარის ღირებულების 41 ათასი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე, ამასთან ყირგიზეთის მიმართულებით ავტოექსპორტის ზრდა 19%-ს შეადგენს. შედეგად, ყირგიზეთმა 2025 წელს საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრის პოზიცია დაიკავა.

ყირგიზეთის მიმართულებით საქართველოდან ავტოექსპორტის ბუმი ძირითადად დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ თავად ყირგიზეთი არ არის მიერთებული რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე და ყირგიზეთიდან რუსეთში ავტოექსპორტი დასაშვებია. აღნიშნულიდან გამომდინარე ყირგიზი დილერები საქართველოში ყიდულობენ ავტომობილებს და მათ შემდგომ ყიდიან. ამას უსვამს ხაზს თავად ყირგიზეთის სტატისტიკის ბიუროს მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც ყირგიზეთში საქართველოდან ავტოიმპორტი მინიმალურია, შესაბამისად ყირგიზი დილერების მიერ საქართველოში ნაყიდი ავტომობილები საბოლოოდ ყირგიზეთში არც ჩადის და ისინი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზევე იყიდება, ამას ამარტივებს ისიც, რომ ყირგიზეთის მიმართულებით გაგზავნილი ავტომობილები საქართველოს ჩრდილოეთის - ყაზბეგის საზღვრიდან ტოვებენ და საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ისინი უკვე პირდაპირ რუსეთში ხვდებიან, სადაც მათ ყირგიზ მფლობელებს ავტომობილების რეალიზაცია შეუძლიათ. ჯერჯერობით ყირგიზეთის სტატისტიკის ბიუროს სრული 2025 წლის მონაცემები გამოქვეყნებული არ აქვს, თუმცა 10 თვის მდგომარეობით გაგზავნილი 1.3 მილიარდი დოლარის ავტომობილებიდან უშუალოდ ყირგიზეთში მხოლოდ 24 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები ჩავიდა. ამასთან, ყირგიზეთის მიმართულებით ავტოექსპორტის საშუალო ფასიც მაღალია და ის 34.9 ათას დოლარს აღწევს.

ავტოექსპორტში შემდეგ პოზიციებს იკავებენ ყაზახეთი 785 მილიონი დოლარით და აზერბაიჯანი 213 მილიონი დოლარით.

2025 წელს საქართველოს ავტოექსპორტის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

# ქვეყანა მლნ დოლარი ავტომობილების რაოდენობა ერთის საშუალო ფასი - ათასი დოლარი ექსპორტის ზრდა კლება
1 ყირგიზეთი $1,424 მილიონი; 40,861 ერთეული; 34.9 ათასი; 19%
2 ყაზახეთი $785 მილიონი; 44,767 ერთეული; 17.5 ათასი; 4%
3 აზერბაიჯანი $213 მილიონი; 7,814 ერთეული; 27.3 ათასი; -26%
4 ტაჯიკეთი $162 მილიონი; 7,592 ერთეული; 21.4 ათასი; 568%
5 უზბეკეთი $78 მილიონი; 2,658 ერთეული; 29.2 ათასი; 427%
6 სომხეთი $55 მილიონი; 2,682 ერთეული; 20.4 ათასი; -45%
7 თურქმენეთი $30 მილიონი; 1,391 ერთეული; 21.9 ათასი; 2675%
8 უკრაინა $16 მილიონი; 1,393 ერთეული; 11.6 ათასი; 68%
9 არაბთა გაერთიანებული საამიროები $13 მილიონი; 104 ერთეული; 125.0 ათასი; 41%
10 მოლდოვა $10 მილიონი; 773 ერთეული; 13.4 ათასი; 140%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები