მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2025 წელს ფარმაცევტთა ხელფასები 25%-ით გავზარდეთ" - "ჯპს"-ის და "ფარმადეპოს" მფლობელი

gepha

"ჯპს"-სა და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელების მფლობელი Gepha, რომელიც საქართველოში 400-ზე მეტ ობიექტს მართავს, 4500-მდე თანამშრომელს ასაქმებს - კომპანიის პოზიციებსა და სახელფასო პოლიტიკაზე "ფასების დროებითი კომისიის" სხდომაზე მისმა დირექტორმა, თორნიკე ნიკოლაიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ Gepha-ს ბაზრის 30% უჭირავს.

"435 ობიექტით დავასრულეთ 2025 წელი. ჩვენი შეფასებით, ჩვენ ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით 30% გვიჭირავს, ეს არ ნიშნავს წილს მედიკამენტებში, არამედ მთლიანად ბაზარზე.

ფარმაცევტები ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე ძვირფასი აქტივია, ასევე არის საკმაოდ დეფიციტურიც. განსხვავებით რიტეილის სხვა მიმართულებებისგან, ფარმაცევტი უფრო პროფესიონალია და ძალიან სენსიტიურია თვითონ ეს პროფესია. რაც შეეხება მათ ხელფასს, საშუალოდ 1600 ლარია დარიცხული, ჩვენთან არის კატეგორიზაცია, რომლის მიხედვითაც ფასდებიან ფარმაცევტები. 2025 წელს საკმაოდ გაიზარდა მათი ანაზღაურება.

ჯამში ჩვენს კომპანიას დასაქმებული გვყავს 4500-მდე თანამშრომელი, აქედან უდიდესი უმრავლესობა არის პროფესიონალი ფარმაცევტი", - ამბობს თორნიკე ნიკოლაიშვილი.

Gepha-ს დირექტორმა ასევე უპასუხა პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ქეთევან ბაკარაძის დამაზუსტებელ კითხვას, როგორია თანამშრომელთა მინიმალური ხელფასი და როგორ შეძლო 4500-თანამშრომლიანმა კომპანიამ ანაზღაურების 1600 ლარამდე გაზრდა.

"მინიმალური ხელფასის თქმა გამიჭირდება, რადგან გვყავს საწყობის თანამშრომლები, სეზონური კადრები, ბევრი მიმართულებაა. თვითონ ფარმაცევტის ხელფასი, კატეგორიების მიხედვით განსხვავდება, არის ცვლადი და ფიქსირებული ნაწილი, 1600 საშუალო მაჩვენებელია. კატეგორიების მიხედვით განსხვავება კი 200-300 ლარში მერყეობს. 2025 წელს დაახლოებით 25%-ით გაიზარდა ფარმაცევტთა ხელფასი. ვერ გეტყვით, რთული იყო თუ არა; ყოველ შემთხვევაში, ბედნიერები ვართ, რომ ეგ ნაბიჯი გადავდგით", - ამბობს თორნიკე ნიკოლაიშვილი.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით პარტიის "გახარია საქართველოსთვის" ინიციატივას "ქართულმა ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა. "ოცნების" მთავარი არგუმენტი იყო, თითქოს წარდგენილი კანონპროექტი არ იყო საკმარისად შესწავლილი, არგუმენტირებული და განხილული.

შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება საჯარო და კერძო სექტორში მინიმალურ ხელფასად 1 050 ლარის განსაზღვრას ითვალისწინებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები