მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება ₾139 მილიონამდე გაიზარდა

პენსია ფული

საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ეროვნულ ბანკს 2025 წლის შედეგები უკვე წარუდგინეს. სების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს მისოების მოგება 4%-ით, 139 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ეს კი იმის მიუხედავად, რომ ორი მიკროსაფინანო ორგანიზაცია - "ემბისი" და "კრისტალი" გასულ წელს "მიკრობანკები" გახდნენ.

ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ, მისოების ბაზარზე შეიცვალა საკრედიტო პორტფელის შემადგენლობაც. მთლიანი პორტფელის ზომა 2 მილიარდი ლარიდან 1.9 მილიარდ ლარამდე შემცირდა. ამასთან, მისოების კრედიტებში გაიზარდა სალომბარდე სესხების წილი და ის მთლიანი პორტფელის 78%-ს აღწევს, მაშინ როდესაც ლომბარდზე 2024 წელს სესხების 56% მოდიოდა. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით მისოების მთავარ ბიზნესმოდელს სალომბარდე სესხების გაცემა წარმოადგენს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი ასე ნაწილდება:

სექტორი პორტფელის ზომა ლარებში სესხების რაოდენობა წლიური ცვლილება
მთლიანი სესხები 1,893,078,705 ლარი; 818,998 სესხი; -4%
ლომბარდი 1,476,111,937 ლარი; 752,800 სესხი; 34%
სამომხმარებლო სესხები 265,002,622 ლარი; 45,862 სესხი; -48%
ვაჭრობა და მომსახურება 76,264,812 ლარი; 12,792 სესხი; -57%
სოფლის მეურნეობა 50,248,504 ლარი; 5,996 სესხი; -58%
იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები 21,371,755 ლარი; 560 სესხი; 8%
სხვა 3,380,987 ლარი; 210 სესხი; -6%
განვადება 676,491 ლარი. 726 სესხი; -98%

რაც შეეხება მისოებში უზრუნველყოფილ ქონებას, ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მოსახლეობას 1.34 მილიარდი ლარის ოქრო და ძვირფასეულობა, 137 მილიონი ლარის უძრავი ქონება და 317 მილიონი ლარის ავტომობილები ჰქონდათ დაგირავებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები