სალიზინგო კომპანიებში აცხადებენ, რომ 2025 წელს სექტორში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. როგორც BMG-სთან „ტერა ლიზინგის“ კომერციული დირექტორი ლევან გორგელიანი აცხადებს, მათი კომპანიის შემთხვევაში ზრდის ტემპი 70%-იანი იყო, შედეგად, პორტფელმა 50 მლნ ლარს მიაღწია.
„ტერა ლიზინგში“ აცხადებენ, რომ სალიზინგო პროდუქტებზე მოთხოვნა ისეთი სექტორებიდანაა მაღალი, როგორიცაა მშენებლობა, წარმოება, სამედიცინო სექტორი.
“2025 წელი ჩვენთვის საკმაოდ კარგი წელი იყო, 70%-ით გავიზარდეთ წინა წელთან შედარებით. ძირითადად ჩვენ ვემსახურებით ბიზნესებს და ვაფინანსებთ მცირე და საშუალო მეწარმეებს. დარგების კუთხით გამოვარჩევდი მშენებლობის სექტორს, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი ზრდა იყო ამ სექტორში და ასევე მედიცინის და წარმოების დარგებს, სადაც მნიშვნელოვანი მოთხოვნა მოდიოდა აქტივების გადაიარაღებასთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ სექტემბრის თვეში დავამატეთ სწრაფი ავტოლიზინგის პროდუქტი, რომლითაც უკვე საშუალება მოგვეცა, რომ დაგვეფინანსებინა ფიზიკური პირები, ვისაც სურთ ახალი ავტომობილების შეძენა ნებისმიერ ცენტრში.
ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, თუმცა ჩვენ გავხდით სექტორში აქტივების და პორტფელის ზომით მეორე და გადავაჭარბეთ 50 მილიონ ლარს. წლის დასაწყისი იყო საკმაოდ აქტიური და წლის პირველ ნახევარში კოლოსალური ზრდები გვქონდა, შემდგომ ზაფხულის პერიოდში იყო შეფერხება, თუმცა დაახლოებით ბოლო კვარტალისთვის სიტუაცია გამოკეთდა. ეს წელი ეკონომიკური აქტივობით, რა თქმა უნდა, გამოირჩეოდა. დღევანდელი მონაცემებით უკვე თითქმის მილიარდ ლარამდე არის ჯამური სალიზინგო პორტფელი. შემოვიდნენ ახალი მოთამაშეები, რასაც, რა თქმა უნდა, მივესალმებით და კონკურენცია უფრო საინტერესო და ჯანსაღი გახდა”, - განაცხადა ლევან გორგელიანმა.
ცნობისთვის, საქართველოში სალიზინგო ბაზრის მოცულობამ თითქმის მილიარდ ლარს მიაღწია. სალიზინგო კომპანიების ასოციაციაში აცხადებენ, რომ წლის განმავლობაში ინდუსტრიის პორტფელის ზრდის ტემპი 35-40%-ის ფარგლებში იყო.




























