გურიაში, სოფელ წითელმთაში მდებარე აგროსახლი „კომლის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ 2025 წელი, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ტურისტების ნაკლებობას არ უჩიოდნენ. ამის შესახებ ლიკა მეგრელაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
"კომლი" ჩაის ტურებითა და კასრის დიზაინის კოტეჯებით ტრადიციულ გურულ ყოფას პრესტიჟულ ტურისტულ პროდუქტად აქცევს. ამგვარად, ობიექტისთვის 2025 წელი სტუმრების გეოგრაფიის მნიშვნელოვანი გაფართოებით გამოირჩეოდა: „პრობლემები ყველგან იყო, თუმცა ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩიოდით. ფაქტობრივად, კონტინენტი არ დარჩენილა, საიდანაც სტუმარი არ გვყოლია. მათ განსაკუთრებით აინტერესებთ ოჯახური გარემო, სოფლის ცხოვრების შინაარსი, ისტორიები და ის ავთენტიკურობა, რასაც ვთავაზობთ“, - აცხადებს ლიკა მეგრელაძე.
მისივე ინფორმაციით, ვიზიტორების უმრავლესობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იყო, თუმცა გასულ წელს განსაკუთრებით აქტიური გახდა ამერიკის შეერთებული შტატები. პარალელურად, გაიზარდა ქართველი ვიზიტორების რაოდენობაც.
ლიკა მეგრელაძის თქმით, გურული ჩაის ისტორია თითქმის 200 წელს ითვლის და გურია ერთ-ერთი პირველი რეგიონი იყო, სადაც ჩაი კულტივირდა. სწორედ ამ ისტორიის გაცოცხლება და ჩაის გზის - ბუჩქიდან ფინჯნამდე პროცესში სტუმრების ჩართვაა „კომლის“ მთავარი კონცეფციაა. აგროსახლი „კომლი“ ტურისტულ პროდუქტს 2018 წლიდან ავითარებს და დამფუძნებლის თქმით, ყოველწლიურად ინტერესი როგორც უცხოელი, ისე ქართველი ტურისტების მხრიდან მზარდია.
„როდესაც დავიწყეთ, ბევრმა არც კი იცოდა, რამდენად საინტერესო ისტორია აქვს ჩაის. დღეს უკვე ჩაის ტურიზმს ვუყურებთ, როგორც გურიის ერთ-ერთ სახეს და ამ მიდგომამ შედეგი გამოიღო - სტუმრები მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან გვყავს“, - ამბობს მეგრელაძე.




























