მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2025 წელს, ქართულ ბაზარზე წილის 10%-ით ზრდას ვგეგმავთ" - "ოჯახური"

ოჯახური

სანელებლების, მწნილების, მურაბებისა და სოუსების მწარმოებელი ქართული კომპანია „ოჯახური“ ქართულ ბაზარზე არსებული წილის შენარჩუნებას და 10%-ით ზრდას გეგმავს. ამის შესახებ „ოჯახურის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, სალომე ნეფარიძემ BM.GE - სთან კომპანიის 2025 წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც თვეზე მეტია გრძელდება, მათ საწარმოზე გავლენა არ ჰქონია. მათ შორის, არც საექსპორტო ბაზრების მიმართულებით. ნეფარიძე დასძენს, რომ 2025 წელს საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო ათვისება იგეგმება, რისთვისაც კომპანია ახალი დანადგარების შეძენას გეგმავს.

„2025-ში გვინდა, რომ ექსპორტი კიდევ უფრო ავითვისოთ, რადგან მოთხოვნა არის ძალიან დიდი. ადგილობრივ ბაზარზე, გვინდა რომ არსებული წილი შევინარჩუნოთ და დაახლოებით, 10%-ით გავზარდოთ, რომელშიც პატარა მარკეტებში გააქტიურებასაც მოიცავს. დიდი დაინტერესებაა ექსპორტის მიმართულებითაც. შესაბამისად, ვაპირებთ დანადგარების შეძენას, რათა წარმადობაც გაიზარდოს და წარმოების პროცესიც გამარტივდეს. ამასთან ექსპორტის ბაზრებიც დაკმაყოფილდეს“, - ამბობს ნეფარიძე.

კომპანია „ოჯახურის“ სუნელ-სანელებლების საწარმო 14 წელია ბაზარზეა და ამჟამად 90-მდე დასახელების სუნელს აწარმოებს. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად აწარმოებს მარინადებს, სოუსებსა და ჯემებს, რომლის რეალიზაციასაც ახდენს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. „ოჯახურის“ პროდუქციის ფასები 2 ლარიდან იწყება და 6 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები