სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ მფლობელმა კომპანიამ — სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა“ 2025 წელი 49.5 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. კომპანიის ფინანსური და მმართველობის ანგარიშგების მიხედვით, დადებითი შედეგი განაპირობა როგორც სტუმრების რაოდენობის ზრდამ, ისე ნომრების, კვებისა და სპა მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების მატებამ. თუმცა, მთავარი ფაქტორი, რამაც მოგებაზე იქონია გავლენა უკავშირდებოდა სასტუმროს აქტივების ხელახალ შეფასებას, რაც იქამდე 52.2 მილიონ ლარს შეადგენდა, ხელახალი შეფასებით 99 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რის გამოც ეს ნაზრდი აუდიტორის მიერ კომპანიის მოგების მაჩვენებელზე აისახა.
2025 წელს სასტუმრომ ჯამურად 15.87 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის 15.34 მილიონ ლართან შედარებით დაახლოებით 3.5%-ით მეტია.
"ბორჯომი ლიკანი" 2025 წლის განმავლობაში "საქართველოს განვითარების ფონდის" საკუთრებაში იყო, ხოლო 2026 წელს ფონდის ლიკვიდაციიდან გამომდინარე, მისი აქტივები პირდაპირ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავიდა.
შემოსავლების ყველაზე დიდი წილი ნომრების გაქირავებაზე მოდიოდა. ამ მიმართულებით მიღებულმა შემოსავალმა 8.39 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის 7.95 მილიონ ლართან შედარებით დაახლოებით 5.6%-იანი ზრდაა. საკვებისა და სასმლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა 5.96 მილიონი ლარიდან 6.03 მილიონ ლარამდე (დაახლოებით 1.2%-ით), ხოლო სპა და ჯანმრთელობის მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 1.29 მილიონი ლარიდან 1.32 მილიონ ლარამდე გაიზარდა (დაახლოებით 2.1%-ით).
კომპანიის მმართველობის ანგარიშგების თანახმად, ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საოპერაციო მაჩვენებლების ზრდამაც. 2025 წელს სასტუმროს საშუალო წლიური დატვირთულობა (Room Occupancy) 58% იყო, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 56%-ს შეადგენდა. ამასთან, წლის განმავლობაში სასტუმრომ 69,637 bed night მიიღო, რაც წინა წლის 64,356-თან შედარებით დაახლოებით 8.2%-იანი ზრდაა. გაყიდული ნომრების რაოდენობა 30,889-დან 32,016-მდე გაიზარდა.
მიუხედავად ამისა, ნომრის საშუალო დღიური ღირებულება (ADR) უცვლელი დარჩა და ორივე წელს 450 ლარი შეადგინა. დატვირთულობის ზრდის ფონზე RevPAR — ამონაგები ერთ ხელმისაწვდომ ნომერზე — 257 ლარიდან 262 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ერთ სტუმარზე საშუალო ამონაგებმა 257 ლარიდან 262 ლარამდე მოიმატა.
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2025 წელი დაახლოებით 1.3 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, მაშინ როდესაც 2024 წელს წმინდა მოგება დაახლოებით 1.2 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, წლიური მოგება დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.
კომპანიის ინფორმაციით, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ საკურორტო სასტუმროების სეგმენტში ოპერირებს, როგორც ადგილობრივი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ობიექტს 151 ნომერი აქვს და სტუმრებს, განთავსებასთან ერთად, სთავაზობს რესტორნის, სპა-გამაჯანსაღებელ და სხვა დამატებით მომსახურებებს.
ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2025 წლის ბოლოს კომპანიის საკუთარი კაპიტალი 98.97 მილიონ ლარს აღწევდა, წინა წლის ბოლოს არსებული 52.19 მილიონი ლარიდან, რაც ასევე ასახავს აქტივების გადაფასების გავლენას.

























