საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, სანქციების რეჟიმს მკაცრად აღასრულებენ და გასულ წელს სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლაზე უარი 18 გემს, წელს კი 1 გემს ეთქვა.
სააგენტომ „აი ფაქტის” მიერ გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც გემებისთვის შემოსვლაზე უარის თქმის სტატისტიკაცაა მოყვანილი:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ონლაინ გამოცემა „აი ფაქტის” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას გემის Zhibek Zholy შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და აღნიშნულ ონლაინ გამოცემას გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია მიზანმიმართულად აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია.
2026 წლის 26 იანვარს, 17:15 საათზე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შევიდა ყაზახეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ZHIBEK ZHOLY, მოსვლის ნავსადგური – ეისკი.
გემის მფლობელი და ბერბოუტ ჩარტერერი ყაზახეთში რეგისტრირებული კომპანიებია და არ იძებნება სანქცირებულ სუბიექტთა არც ერთ მოქმედ სიაში. გემი უზრუნველყოფილია მოქმედი, არასანქცირებული P&I დაზღვევით და ფლობს მოქმედ კლასს. პორტში შემოსვლისას გემის ყველა ტექნიკური და სამართლებრივი დოკუმენტი შემოწმდა დადგენილი წესით.
მედიაში მითითებული ონლაინ პლატფორმები (MarineTraffic, VesselFinder, GlobalFishingWatch) არ წარმოადგენს ოფიციალურ მონიტორინგის ინსტრუმენტებს და მათი მონაცემები ვერ გამოიყენება ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მისაღებად.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გემების მოძრაობის კონტროლს ახორციელებს ოფიციალური სანავიგაციო და საკონტროლო სისტემებით, მათ შორის: სანაპირო AIS, Radar, LRIT და სხვა პროფესიული სისტემები.
გემი საქართველოს პორტში შემოვიდა ღიად და კანონიერად. მისი შემოსვლის შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
2022 წლიდან აღნიშნული გემი ნამყოფია: ყაზახეთის, ეგვიპტის, კაბო ვერდეს, მალაიზიის, ვიეტნამის, ჩინეთის, ჰონკონგის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საქართველოს, თურქეთისა და ტუნისის ნავსადგურებში.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სანქციების რეჟიმს მკაცრად აღასრულებს. მხოლოდ ბოლო წლებში სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლაზე უარი ეთქვა:
- 2022 წელს – 13 გემს
- 2023 წელს – 9 გემს
- 2024 წელს – 15 გემს
- 2025 წელს – 18 გემს
- 2026 წელს (29 იანვრის მდგომარეობით) – 1 გემს.
სააგენტო მოქმედებს საერთაშორისო ვალდებულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით და გადაწყვეტილებებს იღებს ფაქტებზე და ოფიციალურ სამართლებრივ მექანიზმებზე დაყრდნობით, არა სპეკულაციებზე", - წერია განცხადებაში.



























