მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა - Human Right Watch

აქცია

Human Right Watch წერს, რომ 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარება გაუარესდა.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია 2026 წლის 3 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ მიზეზი მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონებია, რომელთა მიზანი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ კონტექსტში ნახსენებია "უცხოური აგენტებისა" და "გრანტების შესახებ" კანონები, რომელთა სამიზნე სამოქალაქო საზოგადოებაა.

Human Right Watch წერს, რომ ხელისუფლება გადაჭარბებულად ერეოდა ძირითადად მშვიდობიან საპროტესტო აქციებში. შედეგად მთავრობამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიიღო ზომები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. "უცხოური აგენტების" კანონზე, ამერიკული FARA-ს ე.წ ქართული ვერსია (როგორც ამას "ქართული ოცნება" უწოდებს), HRW წერს, რომ აპრილში მიღებული კანონით ორგანიზაციები, ისევე როგორც ინდივიდები ვალდებულები არიან რეგისტრაცია გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.

კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებით, უცხოური გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა გახდა საჭირო, HRW-ი ასევე ამახვილებს ყურადღებას "ქართული ოცნების" მიერ კანონიდან გენდერის და გენდერული თანასწორობის შესახებ ჩანაწერის ამოღებაზე, ასევე პარლამენტში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს გაუქმებაზე.

ანგარიშში ასევე საუბარია ევროკავშირთან საქართველოს გაუარესებულ ვითარებაზე, რაც საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებულ მდგომარეობას უკავშირდება. ამის გამო ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო დაშორდა ევროპულ გზას და კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი დარჩა. HRW-ი ციტირებს 2025 წლის ნოემბერში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიში ჩანაწერს, რომ საქართველომ კიდევ უფრო გადაუხვია ევროპული გზიდან.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის წლიურ ანგარიშში ასევე მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება და მათთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა. HRW ასევე წერს, მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესულ ცვლილებაზე, რომლითაც მაუწყებლებს (ტელევიზიასა და რადიოს) აეკრძალათ ყოველგვარი უცხოური დაფინანსების მიღება. "ამავე ცვლილებებით გაფართოვდა კომუნიკაციების კომისიის მმართველი პარტიის მიერ დანიშნული პირებით დაკომპლექტებული ორგანოს მარეგულირებელი უფლებამოსილება".

Human Right Watch-ი ასევე წერს ბათუმელებისა" და ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და დიპლომატიურმა მისიამ დაგმო განაჩენი როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და დისპროპორციული.

„აგვისტოში სასამართლომ მზია ამაღლობელს ცნობილ ჟურნალისტს, დამოუკიდებელი გამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა მისიებმა დაგმეს განაჩენი, როგორც „პოლიტიზებული და არაპროპორციული“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები