მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს საქართველოში ირანიდან ტურისტული ვიზიტები შემცირდა

ტურისტები

2025 წელს საქართველოს 120 068 ირანელი ტურისტი სტუმრობდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 25 602 ადამიანით, 17.6%-ით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ირანი ტურისტული რაოდენობით 2025 წელს მე-11 ადგილზე იყო.

რაც შეეხება IV კვარტალის მონაცემებს, შემცირება 4.3%-ია. აბსოლუტურ რიცხვებში კი ირანიდან საქართველოში 23 763 ვიზიტი შესრულდა. 2025 წლის ბოლო კვარტალში ირანი ათეულში ბოლო ადგილს იკავებდა.

2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მოვლენა ირანსა და ისრაელს შორის მომხდარი ე.წ. „12-დღიანი ომი“ იყო. საომარი მოქმედებების პერიოდში ირანიდან საერთაშორისო ფრენების უმეტესობა შეწყდა ან შეიზღუდა.

ასევე, ირანის ხელისუფლებამ 2025 წელს დააწესა გარკვეული შიდა რეგულაციები, რამაც ქვეყნიდან გასვლა გაართულა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ირანიდან ტურისტების გასვლა მხოლოდ რეგისტრირებული ტურისტული სააგენტოების მეშვეობით იყო ნებადართული, რაც მოგზაურობას აძვირებდა და ბიუროკრატიულად ართულებდა.

ასევე წინა წლის ბოლოს ირანში ანტისამთავრობო მასშტაბური არეულობა დაიწყო და დღემდე გრძელდება.

როგორია სავიზო პოლიტიკა საქართველოსა და ირანს შორის?

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ პასპორტს, შეუძლიათ ირანში გამგზავრება ვიზის გარეშე.

  • ყოფნის ვადა: უვიზოდ დარჩენა ნებადართულია 45 დღემდე პერიოდით.
  • პასპორტის ვადა: ქვეყანაში შესვლისას პასპორტი ძალაში უნდა იყოს მინიმუმ კიდევ 6 თვის განმავლობაში.
  • ბეჭდის საკითხი: ირანი პასპორტში აღარ არტყამს შემოსვლისა და გასვლის ბეჭდებს (სტიკერებს), რათა მოგზაურებს მომავალში პრობლემები არ შეექმნათ სხვა ქვეყნებთან (მაგალითად, აშშ-სთან) სავიზო პროცედურებისას.

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოქმედებს ანალოგიური წესები:

  • ყოფნის ვადა: უვიზოდ ყოფნა ნებადართულია 45 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.
  • სავალდებულო დაზღვევა: 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა ტურისტისთვის სავალდებულო გახდა ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ქონა.
  • საზღვრის კონტროლი: მიუხედავად უვიზო რეჟიმისა, მესაზღვრეს აქვს უფლება მოითხოვოს მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები (სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, საკმარისი ფინანსები).

ორ ქვეყანას შორის სავიზო პოლიტიკა რამდენჯერმე შეიცვალა:

  • 2011 წელი: პირველად ამოქმედდა 45-დღიანი უვიზო რეჟიმი.
  • 2013 წელი: საქართველომ ცალმხრივად შეაჩერა უვიზო მიმოსვლა (საერთაშორისო სანქციების ფონზე).
  • 2016 წელი: უვიზო მიმოსვლა კვლავ აღდგა და მას შემდეგ უცვლელად მოქმედებს.

2025 წლის 11 თვეში ირანთან ვაჭრობა $262.7 მილიონამდე შემცირდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები