მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს თხილის სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი ₾23 მილიონამდე გაიზარდა

თხილი

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2025 წელსაც გაგრძელდება და ბიუჯეტიდან მეთხილე ფერმერების სუბსიდირებისთვის 23 მილიონი ლარი გამოიყო. ამის შესახებ BM.GE-ის სოფლის განვითარების სააგენტოში განუცხადეს. ამასთან საქართველოს მთავრობამ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა და შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 11 თებერვალს გამოაქვეყნა.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი წელს გაიზარდა. 2024 წელს მეთხილე ფერმერების ხელშეწყობისთვის 21.5 მილიონი ლარი, პროგრამის ამოქმედების პირველ - 2023 წელს კი 21 მილიონი ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს კი „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამისთვის" 23 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რასაც სოფლის განვითარების სააგენტოში ასე განმარტავენ:

"გასული წლების გამოცდილდილებით, თხილის კადასტრში ფერმერთა მომართვიანობის გაზრდილი ტენდენციის გამო 2025 წელს, ბიუჯეტი განისაზღვრა 23 მილიონი ლარით. აღნიშნული მოიცავს, როგორც სუბსიდიის თანხას, ასევე ადმინისტრაციულ ხარჯს".

პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია გაიცემა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენად, სუბსიდია განისაზღვრება შემდეგი პირობებით:

- თუ ბენეფიციარს საკუთრებაში/თანასაკუთრებაში] ან/და სარგებლობაში/თანასარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ჯამურად გააჩნია არანაკლებ 0.2 ჰა-დან არაუმეტეს 3 ჰა-ს ჩათვლით თხილის ბაღ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ქულით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით, 1 ქულა = 1 ლარს, თხილის ბაღ(ებ)ის თითოეულ ასეთ ბენეფიციარზე;

- იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარ(ებ)ს თხილის ბაღ(ებ)ი გააჩნია, როგორც საკუთრებაში, ასევე თანასაკუთრებაში ან/და თანასარგებლობაში ან/და ფაქტორბივ თანამფლობელობაში , სუბსიდიის თანხის დაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული საკუთრებაში და თანასაკუთრებაში და ფაქტობრივ თანამფლობელობაში არსებული თხილის ბაღ(ებ)ის ფართობების ჯამი და ასეთი ბენეფიციარები სუბსიდიის თანხას მიიღებენ ცალ - ცალკე პროგრამის პირობებით გათვალისწინებული ოდენობით;

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს, პროგრამით ქვეყნის მასშტაბით, 95 ათასამდე ფერმერი სარგებლობდა. თხილის კადასტრში დარეგისტრირდა 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი. ფერმერებმა გასულ წელს მიიღეს 21,5 მლნ ლარზე მეტი მიზნობრივი დახმარება.

მათივე ცნობით, თხილის კადასტრში რეგისტრაციის პროცესი გრძელდება. მეთხილე ფერმერებმა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესაძენად განკუთვნილი ფინანსური დახმარების მისაღებად, თხილის კადასტრში თხილის ბაღები 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა დაარეგისტრირონ.

თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა სოფლებში ვიზიტები ხორციელდება შესაბამისი გრაფიკით. გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით, განთავსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე, ინფორმაცია განახლებადია ყოველ პარასკევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები