2025 წლიდან „ჭრელი აბანო & სპა“ სარესტორნო სივრცის გახსნას გეგმავს - ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯაბა მამაცაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის კომპანია ორ აბანოს აერთიანებს, ხოლო მარტიდან მესამე პროექტზე დაიწყებენ მუშაობას.
„გვინდა კვების ობიექტის გახსნა, რომელიც ტერასული სარესტორნო სივრცე იქნება. ახალი ობიექტი, მეფე ერეკლეს აბანოს თავზე განთავსდება. ხოლო, მისი გახსნა 2025 წლისთვისაა დაგეგმილი.
იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ფილიალის, კერძოდ, მეფე ერეკლეს აბანოს სარემონტო სამუშაოებს ახლა მოვრჩით, ამ ეტაპზე ახალი პროექტის კალკულაცია არ ჩაგვიტარებია. მარტიდან კი, ყველა ხარჯის გათვლას და ახალ პროექტზე მუშაობას დავიწყებთ.
ჩვენი გათვლებით, სარესტორნო სივრცეში 30-50-მდე მაგიდა უნდა განთავსდეს. ამ ეტაპზე, ჯამში, 60-მდე ადამიანს ვასაქმებთ, ხოლო სარესტორნო სივრცის გახსნის შემდეგ, სავარაუდოდ 100 დასაქმებულს გადავაჭარბებთ,“-აცხადებს მამაცაშვილი.
„ჭრელი აბანო & სპლას „ აღმასრულებელი დირექტორი ასევე გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ისტორიული ძეგლის შენახვა მუდმივ მოვლასა და რესტავრაციას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამასთან, კადრების საკითხსაც განიხილავს და ამბობს, რომ მთელ ქვეყანაში კადრები მტკივნეული თემაა. მისი თქმით, კომპანია ახალი კადრების დატრენინგებას და იმ კონდიციამდე მიყვანას უზრონველყოფენ, რა სტანდარტებიც კომპანიის თანამშრომელმა უნდა დააკმაყოფილოს.