მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს თბილისში, პიკის საათებში გადაადგილება შეეზღუდებათ - მერია

კახა კალაძე

1-ელი იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს თბილისში, პიკის საათებში გადაადგილება შეეზღუდებათ. შეზღუდვა 8 საათიდან 11 საათამდე და 17:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა
ჰქონდათ მიცემული, ხოლო მომავალი წლის პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ.


„წელიწად-ნახევრის წინ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეფორმის განხორციელება, რომელიც ემსახურება დედაქალაქში მოძრაობის გარკვეულწილად განტვირთვას, რაც გამომდინარეობდა არაგაბარიტული მანქანების მოძრაობით პიკის საათებში.
08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მათი გადაადგილება შევზღუდეთ. ეს ეხებოდა N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს, ანუ იზღუდებოდა ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სამნახევარ ტონაზე მეტი სრული მასის მქონე ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. გვქონდა გარკვეული გამონაკლისები დაშვებული.
რეგულაციის მიღების დროს ბიზნესსექტორთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა და გამონაკლისად დავადგინეთ დისტრიბუციის მანქანები და მათ რვათვიანი შეღავათი მივეცით, რომ ამ ცვლილებასთან ადაპტირება მოეხდინათ. ამის შემდეგ მათ შეღავათი კიდევ ოთხი თვე გავუხანგრძლივეთ, პირველი იანვრიდან კი ეს შეზღუდვა მათაც შეეხებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, რა დროსაც დედაქალაქში არის უფრო დიდი სატრანსპორტო ნაკადები, დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში კი არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული და არც იგეგმება რაიმე ახალი შეზღუდვის დაწესება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს.

08:00-11:00 საათების შუალედში რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე.

შეზღუდვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. კანონის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები