2025 წლის 1 ივლისიდან სისხლის ფულადი გასამრჯელოს სანაცვლოდ ჩაბარება კანონით იქნება აკრძალული. ამას საქართველოს პარლამენტის მიერ ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს.
კანონის ფარგლებში კერძო სისხლის ბანკებს ცენტრალური სისხლის დაწესებულება ჩაანაცვლებს, რომელსაც სახელმწიფოს სახელით საქართველოს მთავრობა დააფუძნებს. სისხლის ცენტრალური დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება და მისი დაფუძნებისთვის 16 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
ქვეყანაში შეიქმნება სისხლის სამი დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისხლის შეგროვებაზე, დამუშავებაზე, ტესტირებაზე, შენახვასა და განაწილებაზე. მათგან ერთი - სახელმწიფო, ორი კი კერძო დაწესებულება იქნება.
პარალელურად იარსებებს კლინიკების ბაზაზე დაფუძნებული სისხლის ბანკები, რომლებსაც მხოლოდ სისხლის შენახვა და გაცემა შეეძლებათ.
ამჟამად ქვეყანაში 25-მდე სისხლის ბანკი ფუნქციონირებს, რომელთა ნაწილი კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ გაუქმდება.