საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმად, ტექინსპექტირების ცენტრები მონიტორინგის ქვეშ მოექცევიან.
ცვლილება შევიდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს დაკვირვება და მონიტორინგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე.
კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ სააგენტოს მოუწევს ხარჯების გაწევა ისეთი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, როგორიცაა: დამატებული ადამიანური რესურსისთვის გადასახდელი შრომის ანაზღაურება, საოფისე ხარჯები და ა.შ.
რაც შეეხება ცენტრებს და კანონდარღვევებს, ჯარიმები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით;
ბ) მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2000 ლარის ოდენობით;
გ) უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების
შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით.