მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის 11 თვეში პიროტექნიკის იმპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ?

პიროტექნიკა

რეგულაციების ამოქმედების შემდეგ საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ–ნოემბერში ქვეყანაში იმპორტირებულია 2.8 მლნ დოლარის ღირებულების 84 ტონა პიროტექნიკა, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის ღირებულება 8.5 მლნ დოლარს, მოცულობა კი 1 283 ტონას შეადგენდა. ღირებულებაში კლება 66.9%-ია, ხოლო მოცულობაში კლება კიდევ უფრო მკვეთრი - 93.4% დაფიქსირდა.

2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოსთვის პიროტექნიკის მთავარი იმპორტიორი ბულგარეთია, საიდანაც ქვეყანაში 2.1 მლნ დოლარის ღირებულების 18 ტონა პროდუქცია შემოვიდა. მეორე ადგილზეა ჩინეთი - 311 ათასი დოლარი და 65 ტონა. ასევე, მცირე რაოდენობით პიროტექნიკა მონტენეგროდან (309 ათასი დოლარი, 10 კილოგრამი), თურქეთიდან (6 ათასი დოლარი, 10 კილოგრამი) და გერმანიიდან (3 ათასი დოლარი, 20 კილოგრამი) შევიძინეთ.

2025 წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები ამოქმედდა. რეგულაციები ვრცელდება როგორც იმპორტზე, ექსპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე, ისე შეძენასა და გამოყენებაზე. კანონმდებლობით დადგენილი ნებართვის/ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია გამოიწვევს 5 000-დან 6 000 ლარამდე დაჯარიმებას. სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა 2 000 ლარით ისჯება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა გასამმაგდება, რასაც შესაძლოა ნებართვის/ლიცენზიის გაუქმება მოჰყვეს.

ასევე, გამკაცრდა კონტროლი არასრულწლოვნებისთვის ან უფლების არმქონე პირებისთვის პიროტექნიკის მიყიდვაზე, რისთვისაც 2 000-დან 3 000 ლარამდე ჯარიმაა დაწესებული. თავად უფლების არმქონე პირის მიერ პიროტექნიკის შეძენა, ფლობა ან/და გამოყენება 1 000-დან 2 000 ლარამდე ჯარიმით დაისჯება, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები