2025 წლის იანვარმა 2024 წლის ანალოგიური თვის რეკორდი 0.1 გრადუსით მოხსნა და ყველაზე ცხელი იანვარი აღმოჩნდა. ევროპის კლიმატის სერვისის, Copernicus-ის ინფორმაციით, მოსალოდნელი იყო, რომ “ელ-ნინიოს” ბუნებრივი ფენომენის დასრულების შემდეგ, 2025 წლის იანვარი შედარებით გრილი იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რა იწვევს გლობალურ დათბობას - ძირითადად, წიაღისეული საწვავის წვა - მეცნიერები ბოლომდე ვერ ხსნიან, რამ გამოიწვია გასული თვის რეკორდული ტემპერატურა. როგორც ნასას კოსმოსის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, გევინ შმიდტი აღნიშნავს, ძირითადი მიზეზი ატმოსფეროში გაფრქვეული სათბურის აირების ემისიების ზრდაა, თუმცა სხვა ფაქტორებიც არსებობს, რომელთა გამოკვლევასაც მეცნიერები ახლა ცდილობენ.
Copernicus-ის თანახმად, 2025 წლის იანვრის საშუალო ტემპერატურა 1.75 გრადუსით უფრო მაღალი იყო პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით.
გასულ წელს ტემპერატურის მნიშვნელოვან მატებას ხელს “ელ-ნინიოს” ამინდის ფენომენი უწყობდა, რაც წყნარ ოკეანეში წყლის ტემპერატურის ზრდაში გამოიხატებოდა - ამან ატმოსფეროში უფრო მეტი სითბოს გაშვება გამოიწვია, რამაც, საბოლოოდ, გლობალურ ტემპერატურაზე იქონია გავლენა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ “ელ-ნინიოს” ფენომენმა ოკეანეების ზედაპირს დათბობას დაუდო საფუძველი, თუმცა ზუსტად ვერ ხსნიან, რატომ აქვს წყლის ტემპერატურაზე გავლენა ამინდის იმ მდგომარეობას, რომელიც უკვე დასრულებულია.
Copernicus-ის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ რადგან ოკეანეების ტემპერატურა არა მხოლოდ წყნარ ოკეანეში, არამედ გლობალურად იზრდება, ეს შეიძლება ოკეანის ცვლილებაზე მიგვითითებდეს. მისი თქმით, სააგენტო აქტიურად აკვირდება ოკეანის ტემპერატურის ცვლილებას, რადგან მას პირდაპირი გავლენა აქვს ჰაერის ტემპერატურაზე.
ამჟამად მეცნიერთა ნაწილი კვლავ ვარაუდობს, რომ 2025 წელი შედარებით გრილი უნდა იყოს, ვიდრე 2023 და 2024.