უკვე ზედიზედ 30-ე წელია, “დალას ქოუბოისს“ სუპერბოულის დღეს სახლში ყოფნა უწევს. მაგრამ მაშინაც კი, როცა მოედანზე გამარჯვებები იშვიათია, მფლობელი ჯერი ჯოუნსი ფინანსურ წარმატებებს განაგრძობს. “ქოუბოისი“, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული გუნდია და $13 მილიარდად არის შეფასებული, ამავდროულად ყველაზე მოგებიან ფრენჩაიზადაც რჩება. გასულ სეზონში მისი საოპერაციო შემოსავალი დაახლოებით $629 მილიონს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი დაახლოებით $200 მილიონით აღემატება მეორე ადგილოსან, NBA-ს “გოლდენ სტეიტ უორიორსს“ რომლის მოგებიანობაც $409 მილიონს შეადგენდა.
მსოფლიოს 20 ყველაზე მოგებიანმა გუნდმა ერთად $4.5 მილიარდის მოგება გამოიმუშავა, რაც საშუალოდ $226 მილიონს შეადგენს თითო გუნდზე. ეს მაჩვენებელი 16%-ით მეტია წინა წლის $3.9 მილიარდსა და $195 მილიონიან საშუალო შედეგთან შედარებით. ტრადიციულად, ლიდერობს NFL და სიაში შვიდი გუნდი ჰყავს წარმოდგენილი, მას მოსდევს NBA ექვსი გუნდით. თუმცა განსხვავება შემცირდა: შარშან სიაში NFL-ის ცხრა და NBA-ს ხუთი გუნდი იყო. NHL-სა და ინგლისის პრემიერ ლიგას წელს სამ-სამი წარმომადგენელი ჰყავთ, ხოლო სიაში ერთი ფორმულა 1-ის გუნდიც მოხვდა.
გარკვეული დროით ადრე სპორტული ფრენჩაიზების მოგებაზე ყოფნა აუცილებელ მოთხოვნად არ ითვლებოდა და მფლობელები ძირითად შემოსავალს გუნდის გაყიდვისას იღებდნენ. დღესაც კი, მოგებიანობა გარანტირებული არ არის: Forbes-ის შეფასებით, 2025 წელს შეფასებული 185 კაცთა სპორტული გუნდიდან 37-მა ვერ მიაღწია თვითდაფინანსების ზღვარს, მათ შორის MLS-ის 16 და MLB-ის 11 კლუბია. მაგალითად, “ნიუ იორკ მეტსმა“ 2024 წელს დაახლოებით $268 მილიონი იზარალა, ძირითადად ლიგის მიერ დაკისრებული მძიმე ლუქს-გადასახადების გამო.
თუმცა ინვესტორების მოლოდინები იცვლება. გუნდები სულ უფრო მეტ თანხას იღებენ სპონსორობიდან და პრემიუმ-სექტორებიდან, ხოლო ეროვნული სატელევიზიო უფლებების ფასების ზრდის ფონზე ლიგებიდან მიღებული განაწილებებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, NFL-ში, სადაც გუნდის საშუალო შემოსავალმა $662 მილიონს მიაღწია (ბოლო ათწლეულის განმავლობაში 91%-იანი ზრდა), თითოეულ ფრენჩაიზს გასულ სეზონში ლიგიდან დაახლოებით $443 მილიონი ერგო.
ამგვარი ფინანსური ბალიშის პირობებში NFL-ის გუნდებისთვის მოგებიანობა თითქმის გარანტირებულია. 2024 წელს არც ერთ ფრენჩაიზს არ ჰქონდა $21 მილიონზე უარესი ოპერაციული შედეგი, ხოლო საშუალო მაჩვენებელი $127 მილიონს შეადგენდა. NBA-ში, სადაც გასულ სეზონში თითო გუნდის შემოსავალმა $416 მილიონს გადააჭარბა და მხოლოდ ორი გუნდი იყო წაგებაზე, საშუალო ოპერაციული მოგება $113 მილიონს აღწევდა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება მიმდინარე სეზონში, რომელიც ლიგის ახალი, 11-წლიანი და $76 მილიარდიანი მედია-პაკეტის (ESPN, NBC და Amazon) პირველი წელია.
NHL-შიც კი, რომლის 32 ფრენჩაიზის საშუალო შემოსავალი გასულ სეზონში შედარებით მოკრძალებულ $248 მილიონს შეადგენდა, თითო გუნდზე საშუალო მოგება $74 მილიონი იყო და არც ერთ გუნდს ზარალი არ განუცდია, დიდწილად მკაცრი სახელფასო ჭერის სისტემის წყალობით, რომელიც მოთამაშეთა ხელფასებს აკონტროლებს.
ფორმულა 1-იც მსგავს გარდაქმნას გადის 2021 წელს შემოღებული ხარჯების ლიმიტის შემდეგ, რომელმაც გუნდების დანახარჯები მანქანის დიზაინსა და წარმოებასთან დაკავშირებულ მრავალ სფეროში შეზღუდა. ამ ფინანსური დისციპლინის შედეგად “მერსედესმა“ 2024 წელს $227 მილიონის მოგება მიიღო და ყველა სპორტულ გუნდს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა. ამის საპირისპიროდ, ევროპულ ფეხბურთში ხარჯების კონტროლის არარსებობის გამო, წამყვან კლუბებსაც კი შეუძლიათ დიდი ზარალი განიცადონ მაგალითად, “პარი სენ-ჟერმენის“ ზარალი 2023–24 წლებში დაახლოებით $111 მილიონად არის შეფასებული.
მსოფლიოს 20 ყველაზე მოგებიან გუნდს შორის მხოლოდ ერთ მფლობელს ეკუთვნის ორი ფრენჩაიზი - სტენ კრონკეს, რომელიც ფლობს NFL-ის “ლოს-ანჯელეს რამსს“ (მესამე ადგილზე, დაახლოებით $244 მილიონის მოგებით) და ინგლისის პრემიერ ლიგის “არსენალს“ (მე-17 ადგილი, $173 მილიონი). მიუხედავად ამისა, ამ ორი გუნდის ჯამური ოპერაციული შემოსავალი $417 მილიონი, მაინც $200 მილიონზე მეტით ჩამორჩება “დალას ქოუბოისის“ შედეგს.




























