მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის მთავარი კორპორაციული გარიგებები

კორპორაცია

კორპორაციული გარიგებების კუთხით 2025 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. ION Analytics-ის ინფორმაციით, ბოლო 12 თვეში ე.წ. მერჯერების მოცულობამ $4.81 ტრილიონს გადააჭარბა, რაც ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია. ამ შემაჯამებელ ვიდეოში ვისაუბრებთ 10 უმსხვილეს კორპორაციულ გარიგებაზე, რომლებიც მოიცავს როგორც ტრანსპორტირებისა და ტელეკომუნიკაციების, ისე ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების სექტორებს.

პირველ ადგილზე, ბუნებრივია, ამერიკული კომპანიები გავიდნენ. ამ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს Union Pacific-სა და Norfolk Southern-ზე, რომელთა გარიგების მოცულობამაც $88.2 მილიარდი შეადგინა. სიცხადისთვის, ორივე ეს გიგანტი სარკინიგზო გადაზიდვებში ოპერორებს. თუ Union-ის უპირატესობა შტატების დასავლეთის 2/3-ზე სასურსათო საქონლის გადაზიდვაა, Norfolk-ი აღმოსავლეთ ამერიკაშია გამაგრებული და უფრო ინდუსტრიულ მასალებს ეზიდება. მათი გაერთიანებით ამერიკაში პირველად გახდება შესაძლებელი ერთი კომპანიის მეშვეობით ტვირთების უკიდურესი დასავლეთიდან უკიდურეს აღმოსავლეთამდე გადაზიდვა.

წელს არანაკლებ ხმაურიანი იყო ერთ-ერთი უმსხვილესი გეიმინგ კომპანიის, Electronic Arts-ის შეძენა საუდის არაბეთის სუვენული ფონდის მიერ. გარიგების მოცულობამ $56.6 მილიარდი შეადგინა, რაც გეიმინგ ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მერჯერია. ამ შეთანხმებით, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ საკუთარი შემოსავლების დივერსიფიკაციისკენ გადადგა ნაბიჯი, Battlefield-ის, Fifa-სა და სხვა ლეგენდარული თამაშების შემქმნელმა კომპანიამ კი საბოლოოდ დაიხსნა თავი მრავალფეროვან ინვესტორთა ზეწოლისაგან და ახლ მეტი დრო ექნება, რომ რეალურად ხარისხიანი და კარგი თამაშები შექმნას.

სამომხმარებლო ინდუსტრიის გიგანტების, Kimperly Clark-ისა და Kenvue-ს გაერთიანება, რომლის მოცულობამაც $51.4 მილიარდს მიაღწია კიდევ ერთი გამორჩეული გარიგება იყო. სამედიცინო ინდუსტრიაზე მორგებულმა კომპანიებმა, რომელთაგან ერთიც, Kimberly Huggies-სსა და სხვა ცნობილ ბრენდებს ფლობს, იპოვა საერთო Johnson & Johnson-ის განაყოფ Kenvue-სთან, რომელიც კანის მოვლაზე, ველნეს პროდუქტებსა და სხვა შესაბამის მედიკამენტებზეა ორინტირებული. ეს მერჯერი თავის მოვლის ინდუსტრიას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

მონაცემთა ცენტრების მოძლიერებამ და მათზე მოთხოვნის ზრდამ გადააწყვეტინა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო კომპანია BlackRock-ს, გადაეხადა არც მეტი, არც ნაკლები $40 მილიარდი დოლარი და ეყიდა Aligned Data Centers-ი. კომპანია, რომელიც გაცილები ენერგო ეფექტურ და სუფთა მონაცემთა ცენტრებს ქმნის, ფლობს და აქირავებს. როგორც ჩანს, BlackRock-ში დიდ ტექ-გიგანტებთან სამომავლო პარტნიორობისთვის აქტიურად ემზადებიან. სწორედ ამით აიხსნება ეს მერჯერი.

ვრჩებით ამერიკაში და ამჯერად საკომუნიკაციო გიგანტებზე უნდა ვისაუბროთ. სიაში მე-5 Charter Commmunications-ისა და Cox Communication-ის გაერთიანებაა. $36.1 მილიარდად შეფასებულმა ამ გარიგებამ ამერიკელ მოსახლეობას საკაბელო სერვისების მიღება კიდევ უფრო გაუმარტივად. მარტივად რომ წარმოგადგენინოთ, აქამდე ერთი შტატების ერთ ნაწილს აწვდიდა კონკრეტულ არხებს, ინტერნეტსა თუ სხვა სერვისებს, მეორე კი - მეორეს. ამიერიდან მათი მომხმარებლები ორივე კომპანიის საუკეთესო შეთავაზებების მიღებას თავისუფლად შეძლებენ.

შტატებიდან იაპონიაში უნდა გადავინაცვლოთ, სადაც Toyota საკუთარი განაყოფების შემოერთებას აგრძელებს. ამჯერად, კომპანიის უძრავი ქონების გიგანტმა Fudosan-მა ავტომობილებისა და ავტონაწილების მწარმოებელი Toyota Industries-ი შეიძინა. $33.3 მილიარდად მოხერხდება ხარჯების შემცირება, ქარხნების გაუმჯობესება და უკეთესი საორგანიზაციო სტრუქტურის ჩამოყალიბება. მარტივად რომ ვთქვათ, უძრავი ქონების გიგანტი მწარმოებელს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს.

ათეულში ამჯერადაც მოხვდა Alphabet-ი, ანუ კომპანია, რომლის შვილობილიც ყველასთვის კარგად ცნობილი Google-ია. ამ უკანასკნელმა $32 მილიარდად ქლაუდ ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების კომპანია WIZ-ი შეიძინა. მიზანი კი მარტივია, თანამედროვე ეპოქაში საძიებო სისტემებზე მდგარ კომპანიებს ჰაკერული რისკები ეზრდებათ, დროებითი კონტრაქტების მაგივრად კი მთლიანად კომპანიის, მისი ინტელექტუალური რესურსის შესყიდვა კი Google-ს მეტ დაცულობას მოუტანს.

წელს მსხვილი გარიგება შედგა ენერგეტიკის სექტორშიც. კერძოდ, ბირთვული ენერგიის კომპანია Constellation Energy-მ $29.4 მილიარდად ბუნებრივი აირის მწარმოებელი Calpine-ი იყიდა. როგორც ირკვევა, გაერთიანების მიზანი უფრო მსხვილი, მძლავრი კომპანიის შექმნაა, რომელიც ძალების გაერთიანებით უფრო მეტ მომავალ პარტნიორს მოიზიდავს.

წელს იაპონიამ ნამდვილად გამოიჩინა თავი. ათეულში მე-9 ადგილზე $27.5 მილიარდიანი მერჯერით Sumitomo Corporation-ი გავიდა. საკმაოდ ფართოპროფილური კონგლომერატი, რომელმაც თვითმფრინავების გამსესხებელი კომპანია Air Lease-ი შეიძინა და პორტფელი კიდევ უფრო გაადიდა. ცხადია, მიზანი მეტალების წარმოების, წიაღისეულის მოპოვებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიღმა შემოსავლის კიდევ ერთი ღირებული წყაროს გაჩენაა.

და ბოლოს, წლევანდელ ათეულს ხურავენ Abbot Laboratories-ი და Exact Sciences-ი. სამედიცინო ინდუსტრიის კომპანიები, რომელთა გაერთიანების მოცულობამაც $25.7 მილიარდი შეადგინა. ამ მერჯერით სამედიცინო დანადგარებისა და დიაგნოსტიკის გიგანტმა Abbot-მა ბიოტექნოლოგიური კომპანია შემოიერთა. კომპანია, რომელიც სიმსივნის აღმოჩენის უნიკალურ, არაინვაზიურ მეთოდებს ავითარებს.

მოკლედ, ასეთი იყო 2025 წლის მთავარი კორპორაციული გარიგებები. წესით, ახლა ამ 10-ეულში პირველ ან მეორე ადგილს Warner Brothers-ის შეძენის სიახლე უნდა იკავებდეს, თუმცა Paramount-სა და Netflix-ს შორის ბრძოლა გრძელდება. გრძელდება და მათ შორის გამარჯვებული მომავალი წლის ჩვენი სტატისტიკის ათეულში ნამდვილად მოხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები