მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის სამი მთავარი ცვლილება საგადასახადო კოდექსში - დავით პაპიაშვილის მოსაზრება

დავით პაპიაშვილი

მიმდინარე წელს საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსში, ზოგიერთის დამტკიცება კი წლის ბოლომდე იგეგმება. როგორ შეიცვალა საგადასახადო ტვირთი კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე და რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ მხრივ, "საქმიანი დილას" ეთერში Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, დავით პაპიაშვილმა ისაუბრა.

პირველი საკანონმდებლო ცვლილება, რომელზეც მან BMG-ის ეთერში ისაუბრა, სესხის კაპიტალად დაკვალიფიცირებას შეეხება.

"ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება, მაგალითად, დიდ ბიზნესებს - უცხოეთიდან მათი დედა კომპანიებიდან, ურთიერთდამოკიდებული პირებისგან ან ოფშორული ზონებიდან აღებულ სესხებს. როგორც ვიცით, მრავალი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ ქართულ კომპანიას აქვს მოზიდული ფულადი თანხები სესხის სახით და ხდება პროცენტის დარიცხვა. ძალიან ხშირად სესხის ხელშეკრულებას აქვს ფორმალური ხასიათი, ანუ ხდება სესხის დარიცხვა, თუმცა ეს ყოველთვის არ არის შინაარსით სასესხო ურთიერთობა.

მოგეხსენებათ, რომ სესხის პროცენტის გადახდისას ხდება დაბალი განაკვეთით, 5%-ით დაბეგვრა, დივიდენდისგან განსხვავებით, 15%-ს არ ვიხდით. მე ვიტყოდი, რომ საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ 2025 წლიდან ეს დარიცხული და გადახდილი სესხის პროცენტები შესაძლოა დივიდენდად გადაკვალიფიცირდეს, თუ სახეზე არის ჩამოთვლილი 12 კრიტერიუმიდან 3 კრიტერიუმი, ანუ თუ ეს ხელშეკრულება არ ჰგავს შინაარსობრივად კლასიკურ სესხს და არის ფორმალური", - განმარტა დავით პაპიაშვილმა.

მეორე ცვლილება, რომელზეც მან "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა, მცირე ბიზნესებს შეეხებათ.

"მცირე ბიზნესის ნაწილი რომ ავიღოთ, მათთვის 2025 წლიდან მოხდა ჩართვა იმ ნორმისა, რომელიც ითვალისწინებს ძალიან პატარ-პატარა და მცირე ბიზნესის ბრუნვების გაერთიანებას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არის ასეთი ფენომენი, რომ ერთი და იმავე ბიზნესის დანაწევრება ხდება ბევრ ინდმეწარმეებად და თითო შეიძლება არ იყოს დღგ-ს გადამხდელი, იმიტომ რომ თითოს ბრუნვა 100 000 ლარზე ქვემოთაა. თუ ჩაითვალა, რომ ამ ბიზნესებს მართავს ერთი და იგივე პირი - არ არის აუცილებელი ზუსტად იგივე იყოს მათი მომსახურება და საქონლის მიწოდება - ხდება ბრუნვების გაერთიანება", - ამბობს Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი.

ბოლო საგადასახადო ცვლილება, რომელზეც პაპიაშვილმა ისაუბრა, დებიტორული დავალიანების ამოღების წესს შეეხება. 2025 წლიდან, საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების "გონივრულ ვადაში" გადაუხდელობის შემთხვევაში, უწყება თანხებს ანაზღაურებულად თვლის და კომპანიას საშემოსავლო გადასახადით ბეგრავს.

"მესამე მთავარი საკითხი ეს არის ამოუღებელი დებიტორული დავალიანებებისა და გადახდილი ავანსების კონტროლი და ხელფასად დაბეგვრა. მოგეხსენებათ, რომ ბიზნესის დიდი ნაწილი საქართველოში შპს-დ არის რეგისტრირებული და ისინი გადასული არიან ე.წ. „ესტონური მოდელის“ მოგების გადასახადზე, სადაც შპს-დან ყველა ფულის და აქტივის გადინება იბეგრება 15%-ით. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი რისკი შეიძლება იყოს ამოუღებელი დებიტორული დავალიანებები. იმიტომ რომ, როდესაც ბიზნესს აქვს ამოუღებელი დებიტორული დავალიანება - დავუშვათ მილიონი ლარი და ეს არის დიდი ხანი, მაგალითად, წელიწადზე მეტი - ეს შეიძლება შემოსავლების სამსახურის მხრიდან საეჭვოდ აღიქმებოდეს, ვინაიდან ეს თანხა შეიძლება ამოღებულია და უბრალოდ არ ჩანს აღრიცხვაში.

შემოსავლების სამსახურმა გამოაცხადა თავისი განზრახვა, რომ ისინი დეტალურად შეისწავლიან ყველა ასეთ დებიტორულ დავალიანებას, ან გადახდილ ავანსებს, რის სანაცვლოდაც არ მომხდარა საქონლის მოწოდება და თუ ბიზნესმა არანაირი ზომა არ მიიღო ამის ამოსაღებად, ისინი ჩათვლიან ამ დავალიანებას ამოღებულად და დაბეგრავენ ხელფასად.

უბრალოდ აქ მინდა ვთქვა, რომ ამას ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა და შემოსავლების სამსახურმა გარკვეულწილად შეცვალა თავისი მიდგომა და ბოლო მიდგომით ისინი ამბობენ, ძირითადად აქცენტს აკეთებენ უცხოეთიდან ამოღებულ დებიტორულ დავალიანებასა და უცხოეთში გადახდილ ავანსებზე", - განმარტა დავით პაპიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები