NFL-ის 32 კლუბის ღირებულება საშუალოდ $7.1 მილიარდს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ითაა გაზრდილი. კლუბებს შორის "დალას ქოუბოიზი“ კვლავ ლიდერობს და ამჟამად სპორტულ კლუბებს შორის რეკორდულ შეფასებას ფლობს.
გასულ აგვისტოში ტეხასური კლუბი გახდა პირველი პროფესიონალური სპორტული გუნდი, რომლის ღირებულებამაც $10 მილიარდს მიაღწია. ასევე NBA-ს “ბოსტონ სელტიკსის“ $6.1 მილიარდად და “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ $10 მილიარდად გაყიდვა აჩვენებს, რომ ინვესტორები უფრო მეტად სპორტული კლუბების მფლობელობაში შესვლისკენ ისწრაფვიან. შედეგად, “ქოუბოიზმა“ $11 და $12 მილიარდიან ნიშნულებს უკვე გადააჭარბა და ახალ ფინანსურ მაქსიმუმს მიაღწია.
Forbes-ის შეფასებით, ჯერი ჯონსის კლუბი ზედიზედ მე-19 წელია NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდია და ამჟამად $13 მილიარდად არის შეფასებული, რაც 2024 წელთან შედარებით 29%-ით მეტია და ოთხ წელიწადში ზუსტად გაორმაგებულ ღირებულებას ნიშნავს. ამასთან, “ლოს-ანჯელეს რემსის“ ღირებულებამ $10.5 მილიარდს მიაღწია, “ნიუ-იორკ ჯაიანტსი“ კი ახლოსაა $10.1 მილიარდით.
ყველა 32 NFL გუნდი პირველად მინიმუმ $5 მილიარდის ღირებულების გახდა, სადაც ყველაზე დაბალ ნიშნულს “სინსინატი ბენგალსი“ ადგენს $5.25 მილიარდით ეს მაჩვენებელი აღემატება NHL-ის ყველა კლუბის შეფასებას და თითქმის ყველა NBA-სა და MLB-ს გუნდის ღირებულებასაც. NFL-ის საშუალო გუნდის ფასი $7.1 მილიარდია, რაც 2024 წელთან შედარებით 25%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით 104%-ითაა გაზრდილი. ლიგის საერთო შემოსავალი 2024 წლის სეზონში $21.2 მილიარდს მიაღწია, რაც ოთხ წელიწადში 74%-იანი ზრდაა.
“ქოუბოიზი“ კი სრულიად სხვა ლიგაშია: 2024 წელს კლუბის შემოსავალი $1.2 მილიარდს შეადგენდა, რაც მინიმუმ $400 მილიონით აღემატება ნებისმიერ სხვა NFL-ის გუნდს. უფრო მეტიც, თუ გამოვაკლებთ ლიგის ოფისიდან ყველა გუნდისთვის განაწილებულ $440 მილიონს (ეროვნული მედიიდან, სპონსორობიდან, მერჩენდაიზიდან და ბილეთების საერთო შემოსავლებიდან), “დალასმა“ მაინც მოიპოვა თითქმის $800 მილიონი მხოლოდ ადგილობრივი წყაროებიდან, რაც მეტია, ვიდრე ნებისმიერი გუნდის მთლიან შემოსავალი ”ლას-ვეგას რეიდერსის“ გარდა.
კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის, რომ “ქოუბოიზმა“ $629 მილიონი ოპერაციული მოგება დააფიქსირა, რაც უფრო მეტია, ვიდრე NFL-ის 16 გუნდის მთლიან შემოსავალში.
საფინანსო სიძლიერემ, უზარმაზარმა გულშემატკივართა ბაზამ და კლუბის ლეგენდარულმა მემკვიდრეობამ ზოგიერთი ბანკირი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ მიუხედავად იმისა, რომ $13 მილიარდი სამართლიანი ფასი ჩანს, კლუბის ხანგრძლივი მფლობელი ჯერი ჯონსი შეიძლება კიდევ უფრო მაღალ შეთავაზებებს მიიღოს, თუ ოდესმე გაყიდვას გადაწყვეტს.
საგრძნობლად გაძვირდა სხვა კლუბებიც: “მაიამის დელფინსის“ მფლობელმა სტივენ როსმა დეკემბერში საკუთარი ჰოლდინგ-კომპანიის 13% $8.1 მილიარდად გაყიდა (რომელშიც შედის Hard Rock Stadium და F1-ის Miami GP). იმავე თვეში “ბუფალო ბილსის“ 20.6% $5.8 მილიარდად გაიყიდა, ხოლო “ფილადელფიის იგლსის“ 8% - $8.3 მილიარდად. მაისში “სან-ფრანცისკო ფორტინაინერსის“ 6.2% $8.6 მილიარდად გაიყიდა, აგვისტოში კი “ჩიკაგო ბეარსმა“ დაახლოებით 2% $8.8 მილიარდად შეაფასა.
მიუხედავად ამ აქტივობისა, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა NFL-ში უკანასკნელად 2023 წლის ივლისში მოხდა, როცა ჯოშ ჰარისის ჯგუფმა “ვაშინგტონ კომანდერსი“ $6.05 მილიარდად შეიძინა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან უმცირესი წილის გაყიდვისას ფასის რეალური ასახვა ყოველთვის ნათელი არ არის.
2024 წლის აგვისტოში NFL-მა ახალი წესები მიიღო, რის შედეგადაც კერძო საინვესტიციო ფონდებს კლუბების მფლობელობაში შესვლის უფლება მიეცათ. შედეგად, Ares Management გახდა ინვესტორი “დელფინსში“, ხოლო Arctos Partners-მა “ბილსისა“ და “ჩარჯერსის“ წილები შეიძინა.
NFL-ის უზარმაზარი შემოსავლები იწყება $125.5 მილიარდიანი ეროვნული სატელევიზიო კონტრაქტებიდან, რომელიც 2022–2023 წლებში გაფორმდა. 2029 წლიდან ლიგას შეეძლება ხელახლა გადახედოს ამ ხელშეკრულებებს და უფრო მოგებიანი პირობებით განაახლოს. ამას ემატება ახალი შეთანხმება ESPN-ზე, სადაც NFL-მა 10% წილი შეიძინა თავისი მედია აქტივების სანაცვლოდ.
სპონსორობიდან შემოსავლები უკვე $2.5 მილიარდს უახლოვდება, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ითაა გაზრდილი. საერთაშორისო ბაზარზე კი ლიგას ჯერ კიდევ ბევრი სივრცე აქვს ზრდისთვის.
NFL-ის კიდევ ერთი სარგებელი ის არის, რომ ლიგაში ფულის დაკარგვა პრაქტიკულად შეუძლებელია: 2024 წელს საშუალო გუნდის ოპერაციულმა მოგებამ $127 მილიონი შეადგინა, მინიმუმმა კი $21 მილიონი - განსხვავებით MLB-სგან, სადაც Forbes-ის მიხედვით 11 კლუბი ზარალზე მუშაობდა.




























