ექვსი წლის წინ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული გუნდი $5 მილიარდად ფასობდა. დღეს კი ეს თანხა ტოპ 50 გუნდშიც კი ვერ მოხვდებოდა.
“Dallas Cowboys” კვლავ პირველ ადგილზეა, როგორც ეს 2016 წლიდან ყოველ წელს ხდება, თუმცა დღეს “ამერიკის გუნდის“ ღირებულება უკვე ასტრონომიულ $13 მილიარდს აღწევს. მონაცემები ნათლად აჩვენებს, რამდენად შთამბეჭდავად გაიზარდა სპორტული ფრენჩაიზების ღირებულება ბოლო წლებში.
ერთად აღებული, მსოფლიოს 50 ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი $353 მილიარდზე მეტი ღირს, ანუ საშუალოდ $7.1 მილიარდი თითო გუნდზე — ეს მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 22%-ით მეტია და ოთხი წლის წინანდელ დონეს ორჯერ აღემატება. ტოპ 50-ში შემავალმა რვა ფრენჩაიზმა წლიურად მინიმუმ 30%-იანი ზრდა აჩვენა. ამ სიაში არც კი შედის Formula 1-ის Ferrari და Mercedes, რომელთა ღირებულება 2023 წლიდან 58%-ით გაიზარდა, თუმცა Forbes-მა ისინი შარშან არ შეაფასა.
რეიტინგის სათავეში, “Cowboys-ის” მიერ “10 მილიარდიანი კლუბის“ შექმნიდან ერთი წლის შემდეგ, მას ოთხი ახალი წევრი შეუერთდა:
“Golden State Warriors” - $11 მილიარდი
“Los Angeles Rams” - $10.5 მილიარდი
“New York Giants” - $10.1 მილიარდი
“Los Angeles Lakers” - $10 მილიარდი
იქვე არის “New York Knicks-იც”, რომლებიც $9.75 მილიარდით მსოფლიოში მეექვსე ყველაზე ძვირად ღირებული გუნდია.
ზოგადად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სპორტული გუნდების ღირებულების მკვეთრი ზრდა დიდწილად განპირობებულია მედია-უფლებების ფასების ზრდით. მაგალითად, გასულ წელს NBA-მ ABC/ESPN-თან, NBC/Peacock-თან და Amazon Prime Video-სთან გააფორმა 11-წლიანი სატელევიზიო ხელშეკრულებები $76 მილიარდად, ანუ საშუალოდ $6.9 მილიარდი წელიწადში, რაც წინა კონტრაქტებთან შედარებით წლიურად დაახლოებით $4 მილიარდით მეტია. ერთი წლით ადრე NFL-მა გააფორმა პაკეტი, რომელიც 2033 წლამდე მინიმუმ $125.5 მილიარდს უზრუნველყოფს.
ლიგებიდან მიღებული უფრო მაღალი შემოსავლებისა და დამატებითი ფინანსური წარმატებების ფონზე - მათ შორის სპონსორობისა და პრემიუმ ადგილების გაყიდვებიდან - NBA-სა და NFL-ის გუნდების საშუალო შემოსავალი ბოლო ათწლეულში შესაბამისად 141%-ით და 91%-ით გაიზარდა, და დღეს დაახლოებით $417 მილიონ და $662 მილიონს შეადგენს.
ამასთან, სპორტული გუნდების ღირებულება ყოველთვის მხოლოდ ეკონომიკურ ლოგიკას არ ეფუძნება, ყოველი ახალი გაყიდვა ხშირად იქცევა საზომ ერთეულად მთელი ლიგისთვის და შესაძლოა ბაზარი თავიდან დაარეგულიროს.
ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 2014 წელს მოხდა, როდესაც მილიარდერმა სტივ ბალმერმა “Los Angeles Clippers” $2 მილიარდად შეიძინა, მას შემდეგ, რაც გუნდის მფლობელი დონალდ სტერლინგი სკანდალში გაეხვია. ერთი წლით ადრე Forbes “Clippers-ს” $575 მილიონად აფასებდა, ხოლო NBA-ს საშუალო ღირებულება $634 მილიონი იყო დაახლოებით 4.2-გზის შემოსავლის მულტიპლიკატორით. გარიგებიდან ერთ წელიწადში Forbes-ის საშუალო შეფასება $1.2 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო მულტიპლიკატორი 7.2-მდე ავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სამყაროში ფასები თითქმის ყველგან იზრდება, ზოგი ლიგა და გუნდი სხვებზე მეტად სარგებლობს. NFL-ის 32 გუნდიდან 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა წელს, მაშინ როდესაც ევროპის 20 ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბის ღირებულება მხოლოდ 5%-ით გაიზარდა, რაც დაკავშირებულია მედია-უფლებების სტაგნაციასთან, ხარჯების ზრდასა და სერიოზულ ვალებთან. ბოლო სამი წლის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც გულშემატკივრები Covid-19-ის პანდემიის შემდეგ სტადიონებს დაუბრუნდნენ - ლიდერობს NBA, სადაც გუნდების საშუალო ღირებულება 87%-ით გაიზარდა, მაშინ როცა MLB და ევროპული ფეხბურთი თითქმის თანაბარ დონეზე არიან — 25% და 24%.
ამ უთანასწორობის ფონზე, ფეხბურთი დღეს მსოფლიოს ტოპ 50 ყველაზე ძვირად ღირებულ გუნდში მხოლოდ ოთხი წარმომადგენლით არის წარმოდგენილი - ორი ესპანეთის ლა ლიგიდან და ორი ინგლისის პრემიერ ლიგიდან. წინა ორ წელიწადში ეს რიცხვი შვიდი იყო. სიიდან გამოეთიშნენ ინგლისის “Manchester City”, გერმანიის “Bayern Munich” და საფრანგეთის “Paris Saint-Germain”.
MLB-საც მხოლოდ ორი წარმომადგენელი დარჩა, მას შემდეგ რაც “Boston Red Sox” ტოპ 50-დან გავარდა. NHL და MLS — სადაც ყველაზე ძვირად ღირებული გუნდებია “Toronto Maple Leafs” ($4.4 მილიარდი) და “LAFC” ($1.25 მილიარდი) წელს რეიტინგში ვერ მოხვდნენ. სიაში არც ერთი ქალთა სპორტის გუნდი არ აღმოჩნდა; ყველაზე ძვირად ღირებული ქალთა კლუბი წელს იყო WNBA-ს “New York Liberty” $400 მილიონით.
ამავდროულად, Formula 1 რეიტინგს ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა Ferrari და Mercedes ახლა თითოეული მინიმუმ $6 მილიარდად ფასობს. NBA-ს კი კვლავ 12 გუნდი ჰყავს სიაში, ზედიზედ მეორე წელია, ამჯერად “Miami Heat-მა” ჩაანაცვლა “Dallas Mavericks”.
თუმცა არც ერთი ლიგა არ შეედრება NFL-ს, რომელსაც ტოპ 50-ში 32 გუნდიდან 30 ჰყავს გამონაკლისია მხოლოდ “New Orleans Saints” ($5.3 მილიარდი) და “Cincinnati Bengals” ($5.25 მილიარდი).
და თუ პროფესიონალური ამერიკული ფეხბურთი ფინანსური მატარებელია, მაშინ “Dallas Cowboys” მისი ლოკომოტივია. გასულ სეზონში გუნდის შემოსავალმა $1.2 მილიარდს გადააჭარბა. Forbes-ის შეფასებით, ნებისმიერი სპორტის მხოლოდ ერთმა გუნდმა მოახერხა ამ მაჩვენებელთან $350 მილიონზე ნაკლები სხვაობით მიახლოება და ისიც $105 მილიონით ჩამორჩა.
ყველაზე ახლო მეტოქე ესპანეთის ლა ლიგის “Real Madrid-ია” სხვათა შორის, ბოლო გუნდი, რომელმაც “Cowboys-ს” ღირებულებით გაუსწრო, ათი წლის წინ, როდესაც “სამეფო კლუბი“ $3.26 მილიარდად ფასობდა, ხოლო “Dallas-ი” $3.2 მილიარდად. დღეს კი “Real Madrid-ის” ღირებულება $6.75 მილიარდს შეადგენს და “Cowboys-ის” ფასის ნახევარსაც კი ვერ აღწევს.
იმ ტემპით, როგორითაც გუნდების ფასები იზრდება, 2015 წელი უკვე ტყავის ჩაფხუტების ეპოქას ჰგავს.




























