ფორმულა 1-ის მძღოლების ჩემპიონობისთვის ბრძოლა სეზონის ბოლო დღემდე გაგრძელდა, მაგრამ კვირას, აბუ-დაბის გრან-პრიზე დაკავებული მესამე ადგილით, ლანდო ნორისმა მოიგო 2025 წლის ტიტული და დაახლოებით $10 მილიონის ბონუსი თავის თანაგუნდელ ოსკარ პიასტრიზე და ოთხგზის მოქმედ ჩემპიონ მაქს ვერსტაპენზე მცირე უპირატესობით.
თუმცა, მიუხედავად ჩემპიონობისა, რომელიც მას დამატებით შემოსავალს მოუტანს, და მისი სავარაუდო $18 მილიონის ხელფასისა, პლუს ტრეკზე ნაჩვენებ შედეგებზე მიბმული კიდევ $29.5 მილიონისა, საერთო ჯამში $57.5 მილიონით, ნორისი 2025 წლის ფინანსურ ბრძოლაში მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს.
ნორისს წინ უდგას შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰამილტონი, რომელმაც სეზონში რეკორდული და Forbes-ის შეფასებით $70 მილიონის ხელფასი მიიღო, პლუს დაახლოებით $500,000-ის ბონუსი თავის პირველ სეზონში Ferrari-ში, Mercedes-ში 12 უაღრესად წარმატებული წლის შემდეგ. მაგრამ საბოლოოდ, კიდევ ერთხელ, ლიდერი გახდა მაქს ვერსტაპენი მისი ამ სეზონის სავარაუდო ანაზღაურება $76 მილიონია, საიდანაც $65 მილიონი ხელფასი და $11 მილიონი ბონუსებია. 28 წლის ნიდერლანდელი ვარსკვლავი უკვე მეოთხე სეზონია ზედიზედ ლიდერობს მძღოლთა ფინანსურ რეიტინგს.
საერთო ჯამში, ფორმულა 1-ის ათმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მძღოლმა ამ სეზონში ტრასაზე რბოლით $363 მილიონი გამოიმუშავა, რაც 2024 წელთან შედარებით 15%-ით მეტია.
გარდა კონკრეტული მძღოლების გარემოებებისა, ხელფასების ზრდას ორი ძირითადი ტენდენცია განაპირობებს. პირველი, ფორმულა 1-ის ბიზნესის მასშტაბური ზრდა: სპონსორობის და საპრიზო თანხების გაზრდა გუნდებს დამატებით ფინანსურ რესურსს აძლევს. Forbes-ის შეფასებით, ათი გუნდის საშუალო შემოსავალი $430 მილიონს აღწევს, ხოლო გუნდების საშუალო ღირებულება 2025 წელს $3.6 მილიარდს შეადგენს, 2023 წლის $1.9 მილიარდთან შედარებით.
მეორე, ხარჯების ზღვარი, რომელიც 2021 წელს დაინერგა და გუნდებს ზღუდავს მანქანის დიზაინსა და განვითარების ხარჯებში დაახლოებით $170 მილიონამდე. თუმცა მძღოლების ხელფასები ამ შეზღუდვაში არ შედის, რაც გუნდებს, რომლებიც გამარჯვებისთვის იბრძვიან, საშუალებას აძლევს სწორედ აქ გამოავლინონ ფინანსური უპირატესობა.
ფორმულა 1-ში მძღოლების ფინანსური ინფორმაცია იშვიათად ხდება საჯარო — გარდა შემთხვევებისა, როდესაც ეს სასამართლო პროცესებს ან როგორც სტროლის შემთხვევაში, ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშგებას უკავშირდება.
როგორც წესი, კონტრაქტები მძღოლების ანაზღაურებას უშუალოდ აკავშირებს მათ შედეგებთან: ცნობილი მძღოლები და ძლიერი გუნდები მაღალი, გარანტირებული ხელფასითა და გამარჯვებებზე მიბმული ბონუსებით გამოირჩევიან, ხოლო მცირე გუნდებში ან დამწყებ მძღოლებს უფრო მოკრძალებული ხელფასი აქვთ, მაგრამ ხშირად მაღალი ბონუსები ქულებისა და პოდიუმებისთვის.
მძღოლები დამატებით შემოსავალს რეკლამებითაც იღებენ, თუმცა ამ რეიტინგში ტრასის მიღმა შემოსავალი არ შედის. F1-ის მეფე მარკეტინგში კვლავ ლუის ჰამილტონია — დაახლოებით $20 მილიონით გასული წლის განმავლობაში, რის შედეგადაც ის Forbes-ის 2025 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში 22-ე ადგილზეა. ვერსტაპენმა ამავე პერიოდში დაახლოებით $6 მილიონი გამოიმუშავა რეკლამებიდან.




























