ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2025 წლის ტურიზმის სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლისთვის საქართველოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 6,6 მლრდ დოლარს უნდა მიაღწიოს.
ახალი სტრატეგიის დეტალები და პრიორიტეტული ტურისტული პროდუქტები ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.
ქვრივიშვილის განმარტებით, მომავალი 7 წლის განმავლობაში ადმინისტრაცია ორიენტირებული იქნება ხარისხზე და არა რაოდენობაზე.
“ხარისხის უპირატესობა რაოდენობაზე - ეს გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ვიზიტორთა რაოდენობა მზარდია, ადმინისტრაცია აქცენტს გააკეთებს ხარისხზე. ჩატარებული კვლევიდან გამოიკვეთა რვა სტრატეგიული მიმართულება და 110 განსახორციელებელი ღონისძიება, რაც ჩვენი გეგმის ნაწილი იქნება 2025 წლამდე.
ვიმუშავებთ იმაზე, რომ სეზონური კურორტები გახდეს ოთხივე სეზონზე დატვირთული, ასევე ბაზრის დივერსიფიცირებას დიდი ყურადღება დაეთმობა, რაც შეეხება ტურიზმიდან შემოსულ თანხებს ჩვენი გათვლებით თუ აღნიშნული სტრატეგიის მიხედვით განვითარდება ტურიზმი საქართველოში, 2025 წლისთვის ამ სექტორიდან მიღებული შემოსავალი 6 600 000 000 ამერიკულ დოლარს მიაღწევს”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, მნიშვნელოვანია დაგეგმარების კუთხით მოხდეს ცვლილებები ადმინისტრაციის საქმიანობაში და მოსალოდნელი ტურისტული ნაკადის პროგნოზირებისთვის უფრო მეტი წვდომა არსებობდეს სასტუმროების ჯავშნებსა თუ გაყიდულ ავიაბილეთებზე.

























