Galt & Taggart-ის თბილისი საცხოვრებელი ბინების 2023 წლის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2026-2028 წლებში დასასრულებელ პროექტებში ბინების თითქმის ნახევარი გაყიდულია.
მიმოხილვის ავტორებმა 2024 წლის იანვარში თბილისის 13 სისტემური დეველოპერი გამოკითხეს, რაც 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა.
„მიღებული შედეგების მიხედვით, 2023 წელს ბინების გაყიდვები დეველოპერების მიერ წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგრად მოთხოვნას“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ამასთან, მათი შეფასებით, 2023 წლის მე-4 კვარტალში გაყიდვებმა წინა სამი კვარტლის გაყიდვების საშუალო მაჩვენებელს 21.9%-ით გადააჭარბა.
„2023 წელს დასრულებული პროექტებიდან თითქმის ყველა ბინა უკვე გაყიდულია, ხოლო პროექტებში რომელებიც 2026-28 წლებში სრულდება მთლიანი ბინების თითქმის ნახევარია გაყიდული“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.
მიმოხილვის მიხედვით, 2023 წელს თბილისში 2.9 მლრდ დოლარის ღირებულების 39,949 ბინა გაიყიდა. ტრანზაქციების 7.0%-იანი წლიური კლების მიუხედავად, გაყიდული ბინების ღირებულება დაახლოებით 9.9%-ით გაიზარდა, რაც პირველად ბაზარზე ბინების ფასების ზრდითაა განპირობებული. კომპანიების გამოკითხვის შედეგად ასევე გაირკვა, რომ 2023 წელს ბინების ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა. კერძოდ კი პირველად ბაზარზე ბინები 21.3%-ით, მეორადზე კი 10%-ით გაძვირდა. ამასთან, ფასები 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე კიდევ უფრო მკვეთრადა გაზრდილი. კერძოდ, პირველადი ბაზრის ფასები 45.2%-ით გაიზარდა, რაც ასევე აღემატება მეორად ბაზარზე დაფიქსირებულ ზრდას (+30.7% ახალი და +17.5% ძველი ბინებისთვის).
ბინების ფასების მკვეთრ ზრდას Galt & Taggart-ში ორი ფაქტორით ხსნიან: „ბინების ფასების მკვეთრი ზრდა გამოწვეული იყო მშენებლობის გაზრდილი ხარჯებით და მიგრანტების მხრიდან მოთხოვნით, თუმცა ეს ორივე მაჩვენებელი ამ ეტაპზე დასტაბილურებულია. შედეგად, თბილისში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი ამჟამად $900/მ²-მდეა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის მ²-ის ღირებულება $600 იყო“.