ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ 2026 წელი დაკვირვების ისტორიაში, სავარაუდოდ, მეორე ყველაზე ცხელი წელი იქნება, რადგან განსაკუთრებით ძლიერი მეტეოროლოგიური მოვლენა - "ელ-ნინიო" ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ გლობალურ დათბობას კიდევ უფრო აჩქარებს.
კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის (Copernicus) ყოველთვიურ ბიულეტენში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს კვლავ აქვს "20%-იანი შანსი, გაუთანაბრდეს ან გადააჭარბოს" 2024 წელს - ისტორიაში ყველაზე ცხელ პერიოდს.
კოპერნიკის სამსახურის შეფასებით, "ფაქტობრივად გარდაუვალია", რომ 2026 წელს გლობალურმა ტემპერატურამ ინდუსტრიამდელ დონეს 1.5°C-ით გადააჭარბოს.
ასევე მოსალოდნელია, რომ 2023-2026 წლების ოთხწლიანი საშუალო მაჩვენებელი 1.5°C-იან ზღვარს გადასცდება. ეს სწორედ ის ზღვარია, რომელიც პარიზის შეთანხმებით განისაზღვრა კლიმატის ცვლილების უმძიმესი შედეგების თავიდან ასაცილებლად.
კოპერნიკის მონაცემებით, 2026 წელს მსოფლიოში ისტორიაში ყველაზე თბილი ოქტომბერიც დაფიქსირდა - ჰაერის საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ დედამიწის ზედაპირზე 1.75°C-ით გადააჭარბა ინდუსტრიამდელი ეპოქის (1850-1900 წლები) დონეს.
ეს იყო ზედიზედ მესამე თვე, როდესაც ტემპერატურამ 1.5°C-იან ნიშნულს გადააჭარბა.
"ოქტომბერში უჩვეულო გლობალური სითბოს ტენდენცია გაგრძელდა, რაც გლობალური და ოკეანის ზედაპირის რეკორდული ტემპერატურებით გამოიხატა", - განაცხადა ევროპის საშუალოვადიანი ამინდის პროგნოზების ცენტრის (ECMWF) კლიმატის მიმართულების ხელმძღვანელმა სამანტა ბურჯესმა.
ბოლო ანგარიში იმ ფონზე გამოქვეყნდა, როდესაც სახელმწიფოები გაეროს ორკვირიანი კლიმატის სამიტისთვის - COP31-ისთვის ემზადებიან.
"ელ-ნინიოს" პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია
გლობალური მეტეოროლოგიური სამსახურები თვეების განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ ეს "ელ-ნინიო", რომლის პიკსაც მიმდინარე წლის ბოლოს ელიან, სავარაუდოდ, დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ძლიერი იქნება. კოპერნიკის სამსახურის ცნობით, გაძლიერებულმა კლიმატურმა მოვლენამ გასულ თვეში წყნარი ოკეანის საკვანძო ზონაში ტემპერატურის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.
სინოპტიკოსების შეფასებით, სწორედ "ელ-ნინიომ" შეიძლება განაპირობოს ის, რომ 2027 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს პარიზში გამართულ გაეროს კლიმატის მოლაპარაკებებზე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გლობალური დათბობა ინდუსტრიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 2°C-ზე "გაცილებით დაბალ" ნიშნულზე შეენარჩუნებინათ და მაქსიმალურად ეცადათ მისი 1.5°C-მდე შეზღუდვა. თუმცა გაერომ სექტემბერში განაცხადა, რომ 1.5°C-იანი გრძელვადიანი სამიზნე რამდენიმე წელიწადში დაირღვევა.
























