2026 წელს "ავერსი-ფარმა" სააფთიაქო ქსელში 12 ახალი რობოტის დამატებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის მმართველი საბჭოს წევრმა ლევან კურტანიძემ "საქმიან დილაში", 2025 წლის შედეგებისა და 2026 წლის გეგმების შესახებ საუბრისას აღნიშნა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა ინვესტიციას დებს ამ კონკრეტულ პროექტში კომპანია.
მისი ინფორმაციით, 2025 წელი „ავერსის“ აფთიაქებში თვითმომსახურების აპარატებით სრულად აღჭურვის წელი იყო.
„2025 წელს თვითმომსახურების აპარატები თითქმის უკვე ყველა აფთიაქში დავდგით, რაც მომხმარებლისთვის ძალიან დიდი კომფორტია. 2026 წლიდან და მომდევნო წლებში უკვე სააფთიაქო რობოტებზე გვექნება აქცენტი. ჩვენ ერთი რობოტი უკვე ავამუშავეთ, ტესტირებას გარკვეული დრო დასჭირდა. უახლოეს პერიოდში კი უკვე 12 ახალი რობოტის შეძენა გვაქვს დაგეგმილი, რომლებიც როგორც თბილისში, ისე სხვა დიდ ქალაქებში დაინსტალირდება. ეს ფარმაცევტისთვის ძალიან დიდი დახმარებაა და მისი მუშაობა ძალიან ეფექტიანია“, - განაცხადა ლევან კურტანიძემ "საქმიან დილაში" სტუმრობისას.
ცნობისთვის: "ავერსის" ქსელში სააფთიაქო რობოტი 2024 წლის ბოლოს გამოჩნდა. ის გერმანული ბრენდის, Apostore-ს პროდუქტია.




























