მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2026 წელს დიდი იმედით ვუყურებ" - როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ უფრო მეტი ტურისტი?

Schuchmann Wines

კახეთში მოქმედი სასტუმრო Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA-ს მმართველი კომპანია „შუხმან ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს, 2026 წელს ტურიზმის სექტორში დადებითი მოლოდინები აქვს. BM.GE-სთან საუბრისას ნუცა აბრამიშვილი აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ სასურველი დანიშნულების ადგილად უნდა პოზიციონირებდეს.

„დიდი იმედით ვუყურებ 2026 წელს. ჩვენს შემთხვევაში სხვადასხვა განვითარების მიმართულებები მიღწევადია. ისევ და ისევ გლობალურ ჭრილში საქართველო იქნება აღქმული, როგორც კვლავ საინტერესო ქვეყანა და ის დანიშნულების ადგილი, რომელზეც რეკომენდაციებს გასცემენ. იმედი მაქვს, საქართველო 2026 წელს კვლავ დარჩება რეკომენდირებულ დანიშნულების ადგილად“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

სასტუმროს ხელმძღვანელის სურვილია, რომ 2025 წელს არსებული ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი გაორმაგდეს, რაც დარგობრივ ბიზნესს განვითარების შესაძლებლობას მისცემს. ნუცა აბრამიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამ კუთხით სასტუმროებისა და დარგის წარმომადგენლების აქტიურობა მნიშვნელოვანია. ხოლო კითხვაზე - როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ხედვა, რომ მაგალითისთვის Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA შეძლოს, პირველ რიგში, უფრო მეტი ტურისტის მიღება და მერე უკვე შემოსავლების გაზრდა, „შუხმან ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს „პროცესების დაჩქარების“ რეკომენდაცია აქვს.

„ვისურვებდი, ბიზნესთან მეტ კოლაბორაციას, მეტ დიალოგს, თანამშრომლობას, რომ ადგილობრივი პრობლემები უფრო ქმედით ჭრილში აღიქმებოდეს. ამ შემთხვევაში ალბათ უფრო პატარ-პატარა დავალებებიდან და ამოცანებიდან რომ ამოვიდეთ, რომ ეს პატარ-პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები, გათვალისწინებული და აღმოფხვრილი იყოს“, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

ცნობისთვის, 2025 წელს საქართველოში 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი შესრულდა, რაც 8.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კი 6%-ით 4.7 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები