მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2026 წელს მოგებაზე გასვლას ვპროგნოზირებთ" - "დიზაინის ინსტიტუტის" 2025-ის შედეგები და გეგმები

ნინო ეგაძე

2025 წელი „დიზაინის ინსტიტუტისთვის“ ოპერაციული გამართვისა და ფინანსური მიზნების შესრულების პერიოდი აღმოჩნდა. როგორც ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ნინო ეგაძემ BMG-ის გადაცემა "ქალების ნარატივში" აღნიშნა, ქვეყანაში არსებული ტურბულენტობის მიუხედავად, სტარტაპმა განვითარების ტემპის შენარჩუნება და პირველი ფინანსური მიზნის შესრულება შეძლო.

„2026 წელს, ანუ არსებობის მესამე წელს, ვუყურებთ როგორც უკვე break-even-ის და ალბათ, მოგების წელსაც. მიუხედავად ყველა გარე პირობისა, რომელიც ინსტიტუტს და სტარტაპს ჰქონდა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიზნებისთვის მიგვეღწია,“ - აღნიშნა ნინო ეგაძემ. მისი თქმით, ეს შედეგი ბიზნესის სამი ძირითადი კომპონენტის - კონსალტინგის, სწავლებისა და კოლაბორაციების მიმართულებების ეფექტიანმა მუშაობამ განაპირობა.

ფინანსური მდგრადობის პარალელურად, ინსტიტუტი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს სტატისტიკური მაჩვენებლებითაც. 2025 წელს ჯამში 434 სტუდენტი გადამზადდა, მათ შორის ორი ნაკადი ბავშვთა და მოზარდთა მიმართულებით, რომლებსაც "დიზაინის ინსტიტუტის" დამფუძნებელი უკვე „თავისი საქმის პროფესიონალებად“ მოიხსენიებს.

გარდა ამისა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩატარებულ უფასო მასტერკლასებს წლის განმავლობაში 3000-მდე ადამიანი დაესწრო. ნინო ეგაძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ ორგანიზაცია ოპერაციულად სრულად გაიმართა, რაც გამოიხატა ახალი პარტნიორების შეძენასა და გუნდის გაძლიერებაში. „თამამად შეიძლება ითქვას, რომ წელში გამართულად ვხვდებით მომავალ წელს,“ - ამბობს ეგაძე.

"დიზაინის ინსტიტუტის" დამფუძნებელი BMG-სთან აღნიშნავს იმასაც, რომ 2025 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიზნესსექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებას. მისი თქმით, დიზაინის ინსტიტუტის პრინციპი მთლიანად კოლაბორაციაზეა აგებული, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ჩართულნი არიან სასწავლო პროცესში. ამის მიღმა, ის ყურადღებას კერძო სექტორის მხრიდან მომდინარე ინტერესის ზრდაზე ამახვილებს.

"აქაური საელჩოები და ფონდები ძალიან აქტიურები არიან. ძალიან გვეხმარება ასევე ბიზნესი, ისინი ხედავენ დიდ პოტენციალს ამ ტიპის თანამშრომლობაში. ძალიან ბევრი დაკვეთა არის, მზარდია მოთხოვნა კონკრეტულად დიზაინის ამოცანებთან დაკავშირებით. გვაქვს პირველი შემთხვევები, როცა სტუდენტების დაკვეთები რაღაც შედეგამდე მივიდა",- განმარტავს "დიზაინის ინსტიტუტის" დამფუძნებელი, ნინო ეგაძე.

რაც შეეხება 2026 წლის სტრატეგიულ გეგმებს, „დიზაინის ინსტიტუტი“ არაერთ მასშტაბურ ღონისძიებას აანონსებს. ნინო ეგაძის თქმით, თებერვალში კვლავ გაიმართება სოციალური დიზაინის დღეები, რომელიც ინკლუზიურობასა და გარემო პირობებზე მისაწვდომობას მიეძღვნება. ივლისში კი, გაეროს კომპონენტების ჩართულობით, ცირკულარული დიზაინის თემატიკაზე მუშაობა იგეგმება.

როგორც ნინო ეგაძე აჯამებს, მიუხედავად ტურბულენტური პერიოდისა, საზოგადოებაში გაჩნდა ნდობა, რის გამოც ბევრი ორგანიზაცია ინსტიტუტს უკვე დიდი ამოცანებით უბრუნდება.

"ძალიან ბევრი პრობლემაა გარშემო, თუმცა ერთი მხრივ კურსებით, მეორე მხრივ კი, ამ თანამშრომლობებით ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბევრი ადამიანი ჩაერთოს და ამ პროცესში არ გაჩერდეს მთავარი. მთავარი არის ის, რისთვისაც ვიღვწით - განათლება, განვითარება, ჩვენი შვილების მომავალი, ის კულტურა და ღირებულებები, რომლებიც გვაქვს. რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ არის უკვე შემდგარი პროექტების ჩამონათვალი. ჩვენი ინიციატივა თავისთავად არის მტკიცებულება იმისა, რომ ყოველთვის არის განვითარებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის დრო და შესაბამისად, ამ ყველაფრის გარშემო ვართ გაერთიანებულები", - ასეთია ნინო ეგაძის მოსაზრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები