2026 წელს მთავრობა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე წლევანდელ წელთან შედარებით 15 მილიონი ლარით ნაკლებს, 55 მილიონ ლარს დახარჯავს - ამის შესახებ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში არის აღნიშნული.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ჯერჯერობით საარბიტრაჟო დავებში გადასახდელი კომპანიების შესახებ შეთანხმება ჯერ არ მომხდარა, ამიტომ ის ბიუჯეტში ასახული არაა.
"2026 წელს დაახლოებით 50 მილიონი ლარი იქნება იურიდიული მომსახურება. გადახდა უნდა მოხდეს კონკრეტულ კომპანიასთან. ჯერჯერობით მსგავსი შეთანხმება არ გვაქვს", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
2026 წლის ბიუჯეტს თანდართულ ფისკალური რისკების დოკუმენტში წერია, რომ საერთაშორისო არბიტრაჟებში 8 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 4,8 მლრდ აშშ დოლარს. რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული დასრულებული დავების სტატისტიკას, მიმდინარე 7 დავიდან 4 დავა დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით, 3 დავაზე სახელმწიფოს დაეკისრა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
2025 წლის 21 აგვისტოს მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრმა (ICSID) საქართველოს აპელაცია არ დააკმაყოფილა Inter Rao-ს საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით და ძალაში დატოვა 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენი, რომლითაც საქართველოს კომპანიის მიმართ 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. მაშინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აპელაციის გზით ამ განაჩენის ანულირებას მიაღწევდა, თუმცა როგორც ირკვევა არბიტრაჟმა მთავრობის პოზიცია კიდევ ერთხელ არ გაიზიარა და ძალაში დატოვა პირვანდელი განაჩენი. მეტიც, თუკი 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენი 76 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითვალისწინებდა, ამჟამად მისი ღირებულება გაზრდილია და უკვე 94 მილიონ დოლარსაც აღემატება, რადგანაც თავდაპირველად მიღებულ განაჩენში ეწერა რომ იქამდე, სანამ საქართველო განაჩენის აღსრულებას არ მოახდენდა, დავით დაკისრებულ კომპენსაციას ანუ 76 მილიონ დოლარს ზემოდან პროცენტის სახით SOFR+2% დაერიცხებოდა. რაც 2022; 2023; 2024 და 2025 წლების ჯამით დამატებით 18 მილიონ დოლარს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მსხვილი საარბიტრაჟო დავა საქართველომ გასულ წლის ბოლოს წააგო. კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო, რაც საქართველომ გაასაჩივრა და ამჟამად საქმე აპელაციის ეტაპზეა.




























