მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2026 წელს საინტერესო გეგმები გვაქვს" - "სმარტერის" წლის შეჯამება და სამომავლო გეგმები

smarter

საინჟინრო და ტექნოლოგიური კომპანია "სმარტერი", რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და ბრენდულ სასტუმროებსა და დეველოპერულ კომპანიებს საინჟინრო მომსახურებასა და ჭკვიანი სისტემების ინტეგრაციას სთავაზობს, 2025 წელს BM.GE-სთან აჯამებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი დიმიტრი აბულაძე აღნიშნავს, 2026 წელს "სმარტერი" რამდენიმე მსხვილ პროექტს იწყებს.

"2026 წელს ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს. ვაპირებთ საქართველოში "ჰილტონის" კიდევ ერთი სასტუმროს დაწყებას და ასევე მეორე სასტუმროს დასრულებას.

ასევე, წლის დასაწყისში, გონიოში, Next Group-თან პარტნიორობით Wyndham-ის 600-ნომრიან სასტუმროს სრულად აღვჭურავთ Salto-ს დაშვების სისტემებით. ვმუშაობთ „ლისი დეველოპმენტის“ ბუკნარის პროექტზეც და პირველ კვარტალში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას ვვარაუდობთ", - ამბობს დიმიტრი აბულაძე.

რაც შეეხება მიმდინარე წლის შედეგებს, აბულაძე აღნიშნავს, "სმარტერმა" წლის მთავარ გამოწვევას - ბათუმში, საერთაშორისო ბრენდის, Hilton-ის პროექტის სრულ ციკლს თავი წარმატებით გაართვა. კერძოდ, აბულაძის თქმით, 143-ნომრიანი სასტუმროს საინჟინრო სამუშაოები კომპანიამ რეკორდულ დროში შეასრულა.

"ყველაზე მასშტაბური პროექტი არის Hampton by Hilton ბათუმში, რომელიც დაიწყო და დამთავრდა 2025 წელს. ეს არის 143-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც ბათუმის ცენტრში მდებარეობს და ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია წელს სტუმარმასპინძლობის სექტორში.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი შესრულებულია ევროპული სტანდარტებით, საერთაშორისო ბრენდის კონსულტანტების ჩართულობით და რევიზიით. ჩვენ შევძელით, რომ უმოკლეს, რეკორდულ ვადაში დაგვესრულებინა როგორც საპროექტო, ისე აღსრულებითი და გამართვითი სამუშაოები და შევასრულეთ სრული ციკლი. ეს გულისხმობს იმას, რომ კომპანიამ მოახდინა ყველანაირი სისტემის: ელექტრობის, სუსტი დენების (სადაც შედის სახანძრო უსაფრთხოება, გახმოვანება, აუდიო, ვიდეო მეთვალყურეობა) - პროექტირება.

გარდა ამისა, "სმარტერმა" თვითონ მოახდინა საერთაშორისო პარტნიორებისგან პროდუქციის იმპორტი საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ წარმოვადგენთ ევროპული ბრენდების დისტრიბუციას საქართველოში. ჩვენვე დავამონტაჟეთ ეს ყველაფერი ობიექტზე, გავმართეთ პროგრამულად და ავამუშავეთ", - განმარტა დიმიტრი აბულაძემ.

ბრენდული სასტუმროების გარდა, მმართველი პარტნიორის თქმით, კომპანია აქტიურად მუშაობდა კერძო და საჯარო სექტორშიც. გასულ წელს "სმარტერმა" შეასრულა მასშტაბური კერძო პროექტებიც, მათ შორის პრემიუმ კლასის ვილების საინჟინრო სამუშაოები. ასევე საბავშვო ბაღების მშენებლობა სამ ქალაქში.

"წელს "სმარტერმა" დაასრულა სამი საბავშვო ბაღის სრული სამონტაჟო და გამართვითი სამუშაოები. ჩვენ შევძელით და გავაკეთეთ ძეგვის, საგურამოს და მცხეთის საბავშვო ბაღების პროექტები საკმაოდ მოკლე დროში, მაქსიმალური სტანდარტების დაცვით იმისათვის, რომ ბავშვებმა თავი იგრძნონ დაცულად და უსაფრთხოების ყველა ნორმა იყოს დაკმაყოფილებული და ყველა სტანდარტთან თანხვედრაში", - აღნიშნა "სმარტერის" მმართველმა პარტნიორმა.

პროექტების პარალელურად, კომპანია ბაზარზე არსებულ გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას. დიმიტრი აბულაძე ორ ძირითად პრობლემას გამოყოფს: კვალიფიციური ტექნიკური კადრების დეფიციტს და დაგეგმარების პროცესში არსებულ ხარვეზებს, რის გამოც კომპანიას ხშირად უწევს პარტნიორებისთვის დამატებითი კონსულტაციის გაწევა პროექტების ვადებში მოსაქცევად.

"გამოწვევებში აუცილებლად ვახსენებ კადრების მიმართულებას - მუდმივად გვჭირდება ინჟინრები და მემონტაჟეები, თუმცა მზად ვართ და ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა, რომ მივიღოთ დამწყები კადრები და მათი ზრდა უზრუნველვყოთ.

ასევე ძალიან დიდ მოთხოვნას ვხედავ კონსულტაციის კუთხით, რადგან ხშირ შემთხვევაში ინვესტორებს სჭირდებათ სანდო პარტნიორი, რომელიც სწორ რეკომენდაციებს მისცემს. "სმარტერი" აკეთებს ხოლმე ამას სრულიად უსასყიდლოდ, იმისათვის, რომ ინვესტორს მისცეს სწორი გზავნილები და მათაც არ გაეწელოთ პროექტის შესრულება. ხშირად მოდის ხოლმე არასრული პროექტი ჩვენამდე და გვიწევს ხოლმე ძალიან მოკლე დროში და ფორსირებულად უკვე მისი დასრულება", - ამბობს "სმარტერის" მმართველი პარტნიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები