მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლის 10 გარდამტეხი ტექნოლოგია

10

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჟურნალმა Technology Review რიგით 25-ე ყოველწლიური პუბლიკაცია გამოუშვა, რომელშიც 2026 წლის 10 გარდამტეხი ტექნოლოგიაა გამოვლენილი.

უკვე 25 წელია, ეს პუბლიკაცია ხაზს უსვამს იმ რევოლუციურ ტექნოლოგიურ მიღწევებს - კლიმატური გადაწყვეტილებებით დაწყებული, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებითა და სამედიცინო ინოვაციებით დამთავრებული - რომლებიც ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის წესს ცვლის და, გამოცემის სარედაქციო ჯგუფის აზრით, ავად თუ კარგად, საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს.

2026 წლის 10 გარდამტეხი ტექნოლოგიის სია ასე გამოიყურება:

ნატრიუმ-იონური ელემენტები

ნატრიუმ-იონური ელემენტები აკუმულატორების ახალი თაობაა, რომელიც ენერგიის შესანახად და მისაწოდებლად ლითიუმის ნაცვლად ნატრიუმს იყენებს. იმის გათვალისწინებით, რომ ნატრიუმის გლობალური მარაგი ბევრად დიდი და იაფია, ამ ელემენტებს შეუძლიათ, მნიშვნელოვნად შეამცირონ ხარჯები და დამოკიდებულება ისეთ დეფიციტურ ნედლეულზე, როგორებიც ლითიუმი და კობალტია. ისინი ასევე უფრო უსაფრთხოდ ალტერნატივად ითვლება, განსაკუთრებით ელექტრომობილებისთვის, რადგან გადახურებისა და აალების რისკი დაბალია.

გენერაციული კოდირება

გენერაციული კოდირება ხელოვნური ინტელექტის სისტემებს აერთიანებს, რომლებსაც, ბუნებრივი ენის ინსტრუქციებზე დაყრდნობით, პროგრამული კოდის ავტომატურად დაწერა, რედაქტირება და ოპტიმიზაცია შეუძლიათ. ეს სისტემები დიდ ენობრივ მოდელებზე მუშაობენ, რომლებიც პროგრამირების ენებისა და პროგრამული უზრუნველყოფის საცავების უზარმაზარ მონაცემთა ბაზებზეა გაწვრთნილი. კოდში არსებული შაბლონების პროგნოზირებით, მათ შეუძლიათ შექმნან ფუნქციური პროგრამები, შემოგვთავაზონ ხარვეზების გასწორების გზები და დააპროექტონ პროგრამული არქიტექტურაც კი.

ახალი თაობის ბირთვული ტექნოლოგიები

ახალი თაობის ბირთვული ტექნოლოგიები რეაქტორების გაუმჯობესებულ დიზაინს გულისხმობს. ტრადიციული დიდი ატომური სადგურებისგან განსხვავებით, ეს რეაქტორები შექმნილია ისე, რომ იყოს მცირე ზომის, ქარხნულად აწყობილი და მარტივად განთავსებადი. მრავალი მათგანი პასიური უსაფრთხოების სისტემებითაა აღჭურვილი, და, გაუმართაობის შემთხვევაში, ადამიანის ჩარევის გარეშე ავტომატურად ითიშება. ამ დროისვის ახალი თაობის ბირთვული რეაქტორის რამდენიმე პროექტი ტესტირების ან მშენებლობის საწყის ეტაპზეა.

AI-კომპანიონები

AI-კომპანიონები ხელოვნური ინტელექტის სასაუბრო სისტემებია, რომლებიც მომხმარებლებთან სოციალური და ემოციური ინტერაქციისთვისაა შექმნილი და ხშირად პიროვნულ თვისებებს, ემპათიასა თუ მეგობრულ უნარებსაც კი ავლენენ. მოწინავე ენობრივ მოდელებზე აგებული ეს სისტემები ამუშავებენ მომხმარებლის ინფორმაციას, პროგნოზირებენ პასუხებს და, დროთა განმავლობაში, მოსაუბრის ინდივიდუალურ პრეფერენციებს ერგებიან. მზარდმა რეალიზმმა AI კომპანიონებს მილიონობით მომხმარებელი მოუტანა. ჩნდება ეთიკური და ფსიქოლოგიური კითხვები ემოციურ დამოკიდებულებასთან, კონფიდენციალურობასა და დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

ფუძის რედაქტირება და გენური თერაპია

ფუძის რედაქტირება (Base editing) გენური ინჟინერიის ზუსტი ტექნიკაა, რომელიც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, შეცვალონ დნმ-ის ერთი პატარა მონაკვეთი ორმაგი სპირალური სტრუქტურის გაჭრის გარეშე. ადრეული მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც დნმ-ის ჯაჭვებს წყვეტდა, ფუძის რედაქტორები ქიმიურად გარდაქმნიან ერთ ნუკლეოტიდს მეორედ, რაც არასასურველ მუტაციებს ამცირებს. ამ მეთოდის პოტენციური გავლენა უზარმაზარია, რადგან ის გვთავაზობს განკურნების გზებს ისეთი დაავადებებისთვის, რომლებიც ადრე უკურნებლად ითვლებოდა.

გენური აღდგენა

გენური აღდგენა გენური რედაქტირების ინსტრუმენტების გამოყენებით გადაშენებული სახეობების გენეტიკური ნიშან-თვისებების რეკონსტრუქციას ან რეაქტივაციას გულისხმობს. მეცნიერები ნარჩენებისგან ან სამუზეუმო ნიმუშებისგან შემონახულ დნმ-ს აანალიზებენ და მას საკვანძო გენეტიკური განსხვავებების გამოსავლენად ცოცხალ ნათესავებს ადარებენ. გენური რედაქტირების გამოყენებით მათ შეუძლიათ თანამედროვე სახეობებში გარკვეული ნიშან-თვისებები შეიტანონ, რათა გადაშენებულ მახასიათებლებს მიუახლოვდნენ.

მექანიკური ინტერპრეტაცია

მექანიკური ინტერპრეტაცია ხელოვნური ინტელექტის კვლევის ქვესფეროა, რომელიც სწავლობს, თუ როგორ იღებენ AI სისტემები გადაწყვეტილებებს შიდა დონეზე. მისი მიზანია ნეირონული ქსელების შიდა ფუნქციონირების გაგება, მათ გამოთვლებში არსებული მექანიზმების ანალიზით. ამ რუკის შექმნით მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ხარვეზების პროგნოზირებას, მიკერძოების შემცირებასა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას. ეს მიდგომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან AI სისტემები ძლიერდება და მაღალი რისკის შემცველ სფეროებში ინერგება.

კომერციული კოსმოსური სადგურები

კომერციული კოსმოსური სადგურები კერძო სექტორის მიერ აშენებული და მართული ორბიტალური პლატფორმებია, რომლებიც განკუთვნილია კვლევების, წარმოების, ტურიზმისა და სამთავრობო პარტნიორობისთვის. კერძო კომპანიები მოდულურ საცხოვრებლებს დედამიწის დაბალ ორბიტაზე ოპერირებისთვის ავითარებენ. ეს სადგურები ტრანსპორტირებისთვის მრავალჯერად რაკეტებს ეყრდნობა და გათვლილია ექსპერიმენტების ჩასატარებლად, კოსმოსური ტურიზმისა და ინდუსტრიული წარმოების განვითარებისთვის. 2026 წლისთვის რამდენიმე ასეთი კოსმოსური სადგური განვითარების გვიანდელ ეტაპზეა და უახლოეს წლებში მათი გახსნაც იგეგმება.

ემბრიონის შეფასება

ემბრიონის შეფასება მოწინავე გენეტიკურ ტესტირებასა და პოლიგენური რისკების შეფასების მეთოდს იყენებს ინ-ვიტრო განაყოფიერების (IVF) გზით ჩასახული ემბრიონების შესაფასებლად. ათასობით გენეტიკური მარკერის ანალიზით, მეცნიერები ავლენენ ალბათობას, განუვითარდება თუ არა ემბრიონს გარკვეული დაავადებები ან ნიშან-თვისებები. ეს მომავალ მშობლებს მემკვიდრეობითი დაავადებების რისკების შემცირებაში ეხმარებათ. ამ დროისთვის ემბრიონის შეფასების ეს მეთოდი უკვე ხელმისაწვდომია ზოგიერთ რეპროდუქციულ კლინიკაში და მისი სამედიცინო გამოყენება მიმდინარე ეთიკური დებატების პარალელურად ფართოვდება.

ჰიპერმასშტაბური AI მონაცემთა ცენტრები

ჰიპერმასშტაბის AI მონაცემთა ცენტრები წარმოადგენს მასიურ ნაგებობებს, რომლებიც სპეციალურად ხელოვნური ინტელექტის დიდი მოდელების ოპერირებისთვის აშენდა. ისინი შეიცავს ათობით ათას სპეციალიზებულ პროცესორს, როგორიცაა GPU-ები და AI აქსელერატორები, რომლებიც ერთმანეთთან მაღალსიჩქარიანი ქსელებითაა დაკავშირებული. ზომიდან გამომდინარე, ისინი კოლოსალური რაოდენობის ელექტროენერგიას და დახვეწილ გაგრილების სისტემებს საჭიროებენ. მონაცემთა ცენტრები AI-ს განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურაა, რაც გარემოსდაცვით და ენერგეტიკულ გამოწვევებსაც წარმოშობს. ჰიპერმასშტაბური AI მონაცემთა ცენტრები უკვე ოპერირებენ მთელ მსოფლიოში და მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეს მიმართულება სწრაფი ტემპით ფართოვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები