მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის 8 თვეში ნაერთ ბიუჯეტში გადასახადების სახით ₾18.1 მილიარდი შევიდა | გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა სამინისტრო

ნაერთ ბიუჯეტში, რომელიც ცენტრალურ მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობების გადასახადებს მოიცავს, 8 თვის მონაცემებით, 18.1 მილიარდი ლარი შევიდა, რაც წლიური გეგმის 67%, ხოლო 9 თვის გეგმის 91%-ია. შესაბამისად, ამ მიმართულებით გეგმასთან შედარებით მცირედი გადაჭარბება ფიქსირდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე 2026 წლის ბიუჯეტის იანვარ-აგვისტოს შესრულების მაჩვენებლების წარდგენისას განაცხადა.

გიორგი კაკაურიძის თქმით, ცენტრალურ ბიუჯეტში 15.5 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა, რაც 9 თვის გეგმის 90.4%, ხოლო წლიური გეგმის 66.5%-ია.

"გადასახადების სახით 18.1 მილიარდი ლარი იქნა მობილიზებული, რაც 9 თვის გეგმის 91%-ია და 67% წლიურ გეგმასთან მიმართებით. ასევე პრივატიზაციაში არის საკმაოდ კარგი შედეგები, 278 მილიონი ლარი გვაქვს შესრულება რვა თვეში, რაც წლიურ გეგმასთან მიმართებით 79%-ს შეადგენს.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, რვა თვეში მიღებული გვაქვს 15.5 მილიარდი ლარი, რაც 9 თვის გეგმის 90.4%-ია და 66.5%-ია წლიურ გეგმასთან მიმართებით.

სხვა შემოსავლების ნაწილში მიღებული გვაქვს 1.12 მილიარდი ლარი, რაც 9 თვის დაგეგმილი მაჩვენებლის 126%-მდეა, ხოლო წლიური გეგმის 77.8%. პრივატიზაციით ცენტრალურ ბიუჯეტში შევიდა 113 მილიონი, რაც 9 თვის გეგმის 110%-ია", - განაცხადა კაკაურიძემ.

2026 წლის ბიუჯეტით ცენტრალური მთავრობის შემოსავლები 30.8 მილიარდ ლარზე არის დაგეგმილი, საიდანაც გადასახადებზე 23.2 მილიარდი ლარი მოდის. წინასწარ ცნობილია რომ მთავრობა წლის ბოლოს ბიუჯეტის კორექტირებას განიხილავს, რა დროსაც სავარაუდოდ საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლებიც შეიძლება შეიცვალოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები