მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლის ბოლომდე AI ნებისმიერ ადამიანზე ჭკვიანი გახდება - მასკი

ილონ მასკი

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Tesla-ს, SpaceX-ისა და ტექნოლოგიური კომპანია xAI-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი 2026 წლის ბოლომდე ცალკე აღებულ ნებისმიერ ადამიანზე ჭკვიანი გახდება, 2030-2031 წლებში კი იმ მასშტაბსაც მიაღწევს, როცა AI მთლიან კაცობრიობაზე გონიერი იქნება. მასკმა ხელოვნური ინტელექტის განვითარების კუთხით მიმდინარე ტექნოლოგიურ პროცესებს უპრეცედენტო უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ძალიან მალე AI-სა და რობოტების ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკას არნახული მასშტაბით გაზრდის. ამასთან, რადიკალურად გარდაქმნის იმ სოციალურ სტრუქტურას, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ის პროგნოზირებს, რომ ჰუმანოიდი რობოტების რიგით მომხმარებლებზე გაყიდვა მომავალი წლიდან იქნება შესაძლებელი.

BlackRock-ის ხელმძღვანელ ლარი ფინკთან საუბრისას მასკმა დავოსის სამიტზე შეკრებილ საზოგადოებას ისიც უთხრა, რომ კაცობრიობის განვითარების გარკვეულ ეტაპზე რობოტების რაოდენობა ადამიანებს გადააჭარბებს და ძირითადი საქმიანობების უდიდეს ნაწილს თავად შეასრულებს. მასკის პროგნოზით, რობოტებს ბავშვებისა თუ ასაკოვნების მოვლა და ძაღლების გასეირნება შეეძლებათ. გარკვეულ ეტაპზე კი რობოტები თავად დაიწყებენ რობოტების წარმოებას, რაც ავტომატიზაციის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. მასკმა, როგორც იმ კომპანიების მფლობელმა, რომლებიც როგორც რობოტებზე, ისე მათში ჩასაშენებელ ჩიპებზე მუშაობენ, გამოთქვა იმედი, რომ როგორც სხვა კომპანიების ჰუმანოიდი რობოტების, ისე მისი Optimus-ების მეშვეობით, სამყარო უკეთესობისკენ შეიცვლება და ჩვენი ცივილიზაცია განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები