2026 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს, შესაბამისად, მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში გადაწყვიტეს, რომ ამერიკულ სტანდარტზე გადაეწყონ და ფინალურ შეხვედრაში ტაიმებს შორის შესვენების შოუ დაამატონ.
აღნიშნული პრაქტიკა აქტიურად გამოიყენება NFL-ის ფინალური შეხვედრისას სუპერბოულის მატჩზე, რაც FIFA-ს შთაგონების წყარო გახდა.
ამ პრაქტიკის განსახორციელებლად ორგანიზაცია ნიუ-იორკულ კომპანია Global Citizen-თან ითანამშრომლებს, რომელიც საქველმოქმედო ღონისძიებებით გამოირჩევა. კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ ტაიმებს შორის შესვენება არა 15, არამედ 20 წუთი გაგრძელდება.
ფეხბურთში მსგავსი პრაქტიკა გასული კოპა ამერიკის ფინალისას ვიხილეთ, როდესაც 15 წუთიან ინტერვალში მაყურებელმა სცენის აწყობა-დაშლა და კოლუმბიელი მომღერლის შაკირას პერფორმანსი იხილა.
საინტერესოა იხილავს თუ არა გულშემატკივარი მუნდიალის ფინალში ძვირად ღირებულ რეკლამებს ისე როგორც ეს სუპერბოულის შესვენებისას არის დანერგილი.