მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რკინიგზის მოგება 74%-ით ₾112.3 მილიონამდე გაიზარდა

რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზამ“ 2026 წლის პირველი ნახევრის საოპერაციო შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში წმინდა მოგებამ 112.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამისი პერიოდის 64.7 მილიონ ლართან შედარებით 74%-ით მეტია.

კომპანიის მონაცემებით, პირველ ნახევარში გაიზარდა როგორც სატვირთო გადაზიდვების მოცულობა, ისე შემოსავლები და მოგებიანობის ძირითადი მაჩვენებლები.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივნისში რკინიგზით 6.9 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-იანი ზრდაა. კომპანიის თანახმად, ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში წლის პირველი ნახევრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ფინანსური შედეგების მიხედვით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში „საქართველოს რკინიგზის“ ჯამურმა შემოსავალმა 352 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტია.

კორექტირებული EBITDA საოპერაციო საქმიანობიდან 27%-ით გაიზარდა და 92.2 მილიონ ლარს მიაღწია, მაშინ როდესაც 2025 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 72.4 მილიონი ლარი იყო.

სრული EBITDA 84%-ით გაიზარდა და 137 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის 74.3 მილიონი ლარის ნაცვლად.

ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, კორექტირებული EBITDA-ის მარჟა 45%-მდე გაუმჯობესდა, მაშინ როდესაც 2025 წლის პირველ ნახევარში 25%-ს შეადგენდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ ივნისში რკინიგზამ 12,049 TEU კონტეინერი გადაზიდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში თვიურ ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი შედეგია. სამინისტროს განცხადებით, ზრდა დაფიქსირდა გადაზიდვების ყველა ძირითად მიმართულებაში - იმპორტში, ექსპორტში, ტრანზიტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში.

რამდენიმე დღის წინ „საქართველოს რკინიგზამ“ ასევე გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვაზე. პროექტის სავარაუდო ღირებულება 350 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში, რაც დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს.

კომპანიის განცხადებით, ეს იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც „საქართველოს რკინიგზა“ ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელმავლებს შეიძენს. პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში. ახალი ელმავლების შეძენასთან ერთად, დაგეგმილია ხაშურში თანამედროვე ტექნიკური მომსახურების დეპოს მშენებლობაც.

მსოფლიო ბანკის დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი ლოკომოტივების შესყიდვის მიზანია სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობის გაზრდა, ტვირთამწეობის ზრდა და მატარებლების გადაადგილების დროის შემცირება, რაც „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობის გაძლიერებასაც უნდა შეუწყოს ხელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები