მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის საგარეო ვალის გეგმა ₾777 მილიონით მცირდება - მიზეზები საინვესტიციო პროექტების დაბალი ათვისებაა

დოლარი

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში საგარეო კრედიტების კომპონენტი 777 მილიონი ლარით მცირდება და 3.26 მილიარდი ლარის ნაცვლად, 2.48 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

კლება ძირითადად დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ მთელი რიგი კრედიტები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იყო მიბმული ჯერ არ ათვისებულა, რაც სატენდერო პროცედურების გაჭიანურებას უკავშირდება, შესაბამისად მათი განხორციელება 2027 წლისთვის გადავადდება. მაგალითად, 2026 წლის ბიუჯეტში 325 მილიონი ლარის კრედიტი იყო ჩადებული ADB-სა და მსოფლიო ბანკისგან საქართველოს რკინიგზის რეფორმისთვის, ხოლო ფაქტობრივად კი აღნიშნული პროექტი 2027 წლიდან განხორციელდება. ინტერნეტიზაციის პროექტის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარიდან 68.5 მილიონ ლარამდე მცირდება;

თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი 83 მილიონი ლარიდან 0.2 მილიონ ლარამდე მცირდება; წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის საკრედიტო დაფინანსების ფარგლებში დაბალი ათვისების გამო 2026 წლის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარიდან 18.4 მილიონ ლარამდე შემცირდა; ენერგეტიკის სექტორის რეფორმის კაპიტალური დაფინანსების KFW-ის კრედიტის ბიუჯეტი დაბალი ათვისების გამო 25 მილიონი ლარიდან 0.2 მილიონ ლარამდე მცირდება;

შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის ბიუჯეტიც 25 მილიონი ლარიდან დაბალი ათვისების გამო 1.1 მილიონ ლარამდე მცირდება; ხაშურის წყალარინების პროექტის საკრედიტო დაფინანსების ბიუჯეტი 16.5 მილიონი ლარიდან 6.6 მილიონ ლარამდე დაკორექტირდა; აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ბიუჯეტი ასევე დაბალი ათვისების გამო 45 მილიონი ლარიდან 17 მილიონ ლარამდე დაკორექტირდა;

ჯვარი-წყალტუბოს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის პროექტის დაფინანსება ასევე დაბალი ათვისების გამო 25 მილიონი ლარის ნაცვლად 9.6 მილიონ ლარამდე მცირდება; თბილისის ავტობუსების პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში გამოსაყოფი თანხა თავდაპირველად განსაზღვრული 45 მილიონი ლარიდან 30 მილიონ ლარამდე მცირდება; ხელედულა-ლაჯანური-ონის მაღალი ძაბვის ხაზის პროექტის საკრედიტო დაფინანსების წლევანდელი ბიუჯეტი დაბალი ათვისების გამო 40 მილიონი ლარიდან 33.8 მილიონ ლარამდე მცირდება;

მდგრადი ურბანული მობილობის პროგრამის წლევანდელი დაფინანსების გეგმა 18 მილიონი ლარიდან 7.3 მილიონ ლარამდე მცირდება; საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის საკრედიტო დაფინანსების წლევანდელი ბიუჯეტი 22 მილიონი ლარიდან 15.4 მილიონ ლარამდე მცირდება. ანალოგიურად, ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 30 მილიონი ლარის საკრედიტო დაფინანსება იყო გათვალისწინებული, თუმცა ფაქტობრივი მაჩვენებელი 2 მილიონი ლარით განისაზღვრა.

გარდა ამისა კორექტირებები შედის მთელ რიგ სხვა საინვესტიციო პროექტებშიც, რაც ძირითადად დაკავშირებულია სატენდერო პროცედურების გაჭიანურებასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები