TBC Capital-ის სექტორული მიმოხილვის თანახმად, ლოგისტიკის სექტორის ზრდის პოტენციალს რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება შექმნის. პუბლიკაციის მიხედვით, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად სწრაფი გაუმჯობესებებია საჭირო.
2015 წლიდან საქართველოს სატრანსპორტო სექტორის ტვირთბრუნვა მზარდი იყო, თუმცა, გარკვეული რყევებით გამოირჩეოდა. 2025–2028 წლებში საქართველოს ტვირთბრუნვა სტაბილური, 5.5%-იანი, ზრდის ტემპით (CAGR) გაიზრდება.
TBC Capital-ი ზრდის ფაქტორებად გამოყოფს შიდა მოთხოვნის, ექსპორტის ზრდას და ცენტრალური აზიის სავაჭრო ნაკადების გააქტიურებას.
შუა დერეფანი, რომელიც საქართველოს გავლით ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრებს აკავშირებს, საქართველოს სატრანზიტო მოთხოვნის მეოთხედს უზრუნველყოფს. 2024 წელს შუა დერეფნის ტვირთბრუნვა 4.3 მლნ ტონა იყო, რაც TBC Capital-ის მოლოდინით, 2030 წლისთვის 9.7 მლნ ტონამდე გაიზრდება.
"ჩვენი შეფასებით, 2030 წლისთვის შუა დერეფნის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას შეუძლია თითქმის სრულად აითვისოს შუა დერეფნის პოტენციალი",- წერია მიმოხილვაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მოკლევადიან პერიოდში ტვირთის ნაკადების გადამისამართება ზანგეზურის დერეფანზე ნაკლებად სავარაუდოა.
ტრანსპორტირების ზრდამ დასაწყობების სექტორზეც გაზარდა მოთხოვნა, რასაც სასაწყობე ფართებზე გაცემული სამშენებლო ნებართვების ზრდა მოჰყვა. 2025 წლის 8 თვეში თბილისში სულ 31 ნებართვა გაიცა ამ მიმართულებით.





























