Galt&Taggart-მა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე კონფერენცია გამართა, სადაც საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები იყო წარდგენილი.
კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება სწრაფი ტემპებით იზრდება და 2030 წლისთვის მისი გაორმაგებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის გარეშე, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს ადგილობრივი გენერაციის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი. ამჟამად, მშენებლობისა და კვლევის სხვადასხვა ეტაპზე 150 პროექტია, რომელთა დადგმული სიმძლავრე 5.4 გვტ-ია. ამ პროექტების განხორცილებით საქართველო შეძლებს არამარტო ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილებას, არამედ გახდება ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი.
„ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე საკმაოდ მზარდია მოთხოვნა და ამ მოთხოვნას უნდა უპასუხოს ამ სექტორმა. უნდა შეიქმნას სიმძლავრეები. მგონია, რომ ცოტათი ჩამოვრჩებით და ამ ჩამორჩენას “საქართველოს ბანკი“ პასუხობს და ვთავაზობთ გრძელვადიან დაფინასებას ppp-ის ან მის გარეშე პროექტებს. რაც შეეხება გამოწვევებს, მთავრობის მხრიდან მივესალმებოდით კიდევ უფრო დაჩქარებას იმ რეფორმებისას, რომელიც ხორციელდება“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
კონფერენციას ენერგეტიკის დარგში მომუშავე კერძო და საჯარო კომპანიების და ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

























