მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

205-მილიონიანი ზარალის შემდეგ წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანია მოგებაზე გავიდა

630f12be2cc15
შოთა ტყეშელაშვილი
31.08.22 11:48
1023
საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელია “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორგანიზაციაა.

წყალმომარაგების კომპანიამ 2021 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა - დოკუმენტის მიხედვით ფირმის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა - 2020 წელს კომპანია 205 მილიონი ლარის ზარალზე იყო, 2021 წელს კი მისმა მოგებამ 36.9 მილიონი ლარი შეადგინა.

მოგების ზრდა განაპირობა როგორც მომხმარებლებისგან მიღებული შემოსავლის ზრდამ, ასევე სახელმწიფო სუბსიდიის გაორმაგებამ. მომხმარებლებმა კომპანიას წყლის ტარიფის საფასურად 45.2 მილიონი ლარი გადაუხადეს, რაც წინა წელთან შედარებით 6.5 მილიონით მეტი იყო. პირდაპირმა საბიუჯეტო სუბსიდიამ კი 60 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის სუბსიდიას 30 მილიონი ლარით აღემატებოდა.

მთლიანობაში კომპანიამ 2021 წელს 107.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის შემოსავალს 35.6 მილიონით აღემატება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საერთაშორისო დონორების დაფინანსებით რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების განახლებაზე მუშაობს. კომპანიას სხვადასხვა მხარის მიმართ 1.3 მილიარდი ლარის ვალდებულებები აქვს.

2020 წელს კომპანიის 205 მილიონიანი ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ლარის გაუფასურების გამო დონორების მიმართ არსებული ვალის ზრდა იყო. მთლიანობაში ამ საკურსო ზარალმა 189 მილიონი ლარი შეადგინა. 2021 წელს კი კურსის შედარებითი გამყარების გამო, კომპანიას 104 მილიონიანი საკურსო მოგება დაუფიქსრიდა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით კომპანია ზარალის ნაცვლად მოგებაზე გავიდა.

“კომპანიის სტრუქტურა შედგება თბილისის სათაო ოფისისგან, 11 რეგიონული ფილიალისა და 55 სერვის ცენტრისგან. კომპანიაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 2,851 ადამიანს.

2021 წლის მონაცემებით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ემსახურება 341 ათასზე მეტ საყოფაცხოვრებო აბონენტს, რაც დაახლოებით 850 ათასზე მეტი ბენეფიციარია,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები