21-ე სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები და კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ითხოვენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეფუძნება სრულ ინფორმაციას, ობიექტურ შეფასებას და სკოლის საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას.
21-ე სკოლა სწავლის დაწყებიდან ორ დღეში დაიხურა, რასაც მასწავლებლების და მოსწავლეთა მშობლების პროტესტი მოჰყვა. სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან ოფიციალურად შეჩერდა. გადაწყვეტილების საფუძველი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც სკოლის შენობა ავარიულია.
სამინისტრომ მოსწავლეებს, 21-ე საჯარო სკოლის მშობლებსა და მასწავლებლებს დროებით სხვა საჯარო სკოლის შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა.
მოსწავლეების, პედაგოგების, მშობლების და კურსდამთავრებულების მოთხოვნები:
1. არსებული საინჟინრო დასკვნის საფუძვლიანად გადამოწმება.
მიგვაჩნია, რომ შენობის მომავალზე გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა დამატებითი, კომპლექსური და დამოუკიდებელი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.
ამ პროცესში უნდა ჩაერთონ შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები და შეფასდეს არამხოლოდ შენობის დღევანდელი მდგომარეობა, არამედ მისი უსაფრთხოდ შენარჩუნებისა და რეაბილიტაციის ტექნიკური შესაძლებლობაც.

2. რეაბილიტაციის შესაძლებლობის განხილვა დემონტაჟამდე.
სანამ შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება საბოლოოდ განხორციელდება, უნდა არსებობდეს პასუხი კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა მისი უსაფრთხოდ შენარჩუნება და რეაბილიტაცია. ასევე, პასუხი გაეცეს ყველა შეკითხვას, თუ კერძოდ რა საფრთხის შემქმნელია აღნიშნული შენობა.
თუ დამატებითი კვლევა დაადასტურებს, რომ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, ამ შესაძლებლობას უნდა მიეცეს რეალური განხილვის საშუალება.
3. ბავშვებსა და პედაგოგებს სჭირდებათ სრულფასოვანი ალტერნატიული სკოლა.
სანამ 21-ე სკოლაში სწავლა შეუძლებელია, მოსწავლეებსა და პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებელი და სრულფასოვანი სასწავლო სივრცე.
ეს არ უნდა ნიშნავდეს უბრალოდ სხვა შენობაში გადასვლას. ალტერნატიულ სივრცეში უნდა იყოს შესაძლებელი სრულფასოვანი სასწავლო პროცესის გაგრძელება, გერმანული ენის პროგრამის შენარჩუნება, ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა და უსაფრთხო გარემოში სწავლა.
არ უნდა მოხდეს ბავშვების შემთხვევითი გადანაწილება სხვადასხვა სკოლასა და კლასში, ან მათი მეორე და მესამე ცვლაში გადაყვანა. 21-ე სკოლა უნდა დარჩეს ერთიან სასკოლო საზოგადოებად.
























