მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

გიორგი მინდაძე

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას პოლიციელებისთვის პიროტექნიკის სროლაში ედავებოდნენ, რომელიც ბრალდების მიხედვით, მან 29 ნოემბერს ისროლა.

პროკურატურის განცხადებით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს, თბილისში, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციის დროს, გ.მ.-მ პიროტექნიკა ესროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იქ მდგარ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელიც ერთ-ერთ სამართალდამცველს ფეხის არეში მოხვდა და დამწვრობა მიიღო.

"ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, გიორგი მინდაძე პირველ დეკემბერს დააკავეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები