ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, პრემიერის ინიციატივით ამოქმედებული სოციალური დასაქმების პროგრამაში ამ ეტაპზე 7000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეივსო.
როგორც ბარკალაია აცხადებს, საერთო ჯამში მოძიებულია 22 000-მდე სამუშაო ადგილი. მისი თქმით, ეს ადამიანები მუნიციპალიტეტში ისეთ ვაკანსიებზე დასაქმდნენ, რომელზეც პროგრამის ამოქმედებამდე დაბალი მოთხოვნა იყო და მუნიციპალიტეტები შესაბამისი კადრების მოძიებას ვერ ახერხებდნენ.
“საერთო ჯამში მობილიზებული იყო 22 000-მდე ვაკანსია, აქედან 7000-ზე მეტი შევსებულია. პარალელურად, ვაკანსიების მობილიზება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გრძელდება. მუნიციპალიტეტებში, ისევე როგორც სახელმწიფო სსიპ-ებში არის ისეთი ვაკანსიები, რომლებიც რთულად შევსებადი ვაკანსიებია.
ეს არის დაბალკვალიფიციური, დაბალანაზღაურებადი, რომლის მოძიებაც რეალურად უჭირდათ მუნიციპალიტეტებს. სწორედ ასეთი ტიპის ვაკანსიებზე არის საუბარი და არა ხელოვნურად შექმნილ ვაკანსიებსა და ასეთი ტიპის საქმიანობაზე, რომელიც ვერ ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტის მიერ, იმიტომ რომ ისინი შესაბამის მუშა-ხელს ვერ პოულობდნენ. დღეს უკვე მათ ეს შესაძლებლობა ეძლევათ", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია.